"წლის ბოლომდე ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ხელს უწყობს.
„დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად გვეყოლება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და ამასთან მიმართებითაც სერიოზული კითხვები ისმოდა - "რა ვქნათ, ყვითელი ავტობუსებით ვიაროთ?" არა, არ იაროთ ყვითელი ავტობუსებით, ივლით ახალი ეკოლოგიურად სუფთა ევრო ექვსის ტიპის ავტობუსებით, თუმცა არც ავტობუსებით სიარული არ არის სავალდებულო, ჩვენ, რა თქმა უნდა, კერძო ავტომობილებს არ და ვერ ავკრძალავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა განმარტა, რომ თბილისის მერია ავტომობილებით გადაადგილებას კი არ კრძალავს, არამედ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისკენ მოუწოდებს.
„მოწინააღმდეგეები საუბრობენ და მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში თითქოს ჩვენ ვკრძალვთ კერძო ავტომობილით გადაადგილებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვკრძალავთ კერძო ავტომობილით გადაადგილებას, პირიქით, ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე პოპულარული, ყველაზე კომფორტული და ყველაზე სწრაფი დედაქალაქში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კერძო ავტომობილების ხელშეწყობა თბილისის განვითარების ინტერესების ღალატია.