მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძე: ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება

5ca09f66da01b
BM.GE
31.03.19 15:26
835
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება.

"როგორც ცნობილია, ვახუშტის ხიდის აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო ხუთი თვით, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება. აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ხიდის საყრდენები მთლიანად გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონსტრუქციის სულ 11 ხიდი აშენდა და 10 უკვე აღარ არსებობს. თბილისში ერთადერთი ეს ხიდია შემორჩენილი და მისი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო იყო. ჩვენ სრულად მოვაწესრიგებთ ხიდს და ორი წლის განმავლობაში დავაკვირდებით. მომავალ კვირას, აღნიშნულ ზოლში მოასფალტების დასრულების შემდეგ, ხიდის მეორე ნაწილის რეაბილიტაციაზე გადავალთ. სამუშაოები მაისში დასრულდება და მოძრაობაც სრულად სწორედ ამ დროისთვის აღდგება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 იანვრიდან დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 394 434 ლარი დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები