ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, "ყაზტრანსგაზის" გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილთან დაკავშირებით, მოულოდნელია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები მმართველობაში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრი განმარტავს, მოლაპარაკებები გრძელდება და, შესაძლოა, საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს.
"ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ჩემი განცხადებები, მთავრობის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო დაბრუნებულიყო ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა. სხვა დამატებით საკითხებზე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, რადგან ჩემი კომენტარი შესაძლოა გამოყენებული იყოს არბიტრაჟში ამ საქმეზე. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ მენეჯმენტში. ამ ეტაპზე გრძელდება მოლაპარაკებები და შესაძლოა არ მივიდეს საქმე არბიტრაჟში", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს “ყაზტრანსგაზმა" თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 12 მილიონ 500 ათას დოლარად შეიძინა.
2009 წლის მდგომარეობით კი “ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა.

























