მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კუჭავა: კანონის მიღებამდე ბიზნესთან დიალოგი აუცილებელია

579f5c1628d1a
BM.GE
01.08.16 18:24
2426
მმართველი გუნდის ეკონომიკურ პროგრამაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ კახა კუჭავა საუბრობს.

- ბატონო კახა, რა იცვლება “ქართული ოცნების“ პროგრამაში ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად?

- ყველა ცვლილება ეტაპობრივად უნდა ვითარდებოდეს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლებთ ამ რეფორმების გატარებსა უკვე მიღწეულია. ეს არის ბიზნესის თავისუფლება. გადასახადების კუთხით უმნიშვნელოვანესი მიღწევა უკვე სახეზე გვაქვს. დღეს პროგრამის მიხედვით ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სწრაფი ზრდა, სწრაფი განვითარება და პროგრამის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია გათვალისწინებული, რომელიც ბიზნესს ხელს შეუწყობს გაცილებით უფრო ძლიერად დადგეს ფეხზე.

- რა არის ის კონკრეტული მიდგომები, რის საფუძველზეც თქვენი ხედვით, რომ ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება?

- ნებისმიერი სახის საკანონმდებლო ცვლილება თუ ეკონომიკური პოლიტიკის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილების შეთანხმება აუცილებელია რომ ბიზნესთან საუბრის შედეგად მოხდეს. აქ იგულისხმება ის, რომ სანამ მიღებული იქნება რომელიმე კანონი, თუ ნორმატიული აქტი, აუცილებელია ბიზნესთან დიალოგი არსებობდეს. მათ საკმარისი დრო უნდა მიეცეთ, რომ თავიანთი ხედვა და კომენტარები წარმოადგინონ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.

- თქვენ თვლით, რომ ამ კომუნიკაციის ნაწილში ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა?

- არა, სხვათა შორის მე, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელს, როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის ყოფილი დირექტორთა საბჭოს წევრს ყოველთვის მქონდა რეგულარული შეხვედრები. ამ ყველაფერს დრო ჭირდება. თავიდან სულ სხვა პრიორიტეტები იყო, ეს იყო ბიზნესის თავისუფლებასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც მიღწეულ იქნა და დღეს თავისუფალია ბიზნესი და ის ტავის საქმიანობას თავისუფლად ახორციელებს. პრიორიტეტები უკვე სულ სხვა მიმართულებით დგება - სწრაფი განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ზუსტად ბიზნესთან ერთად მოხდეს და თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მათი აზრი აუცილებლად გათვალისწინებული იქნას.

- ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობამ შეცდომები დაუშვა და თქვენ რას გამოყოფთ, რომლის გამეორებაც არ ღირს?

- რთულია ასე პირდაპირ შეცდომებზე საუბარი. მთავარი მონაპოვარი რაც არის ეს უნდა შევინარჩუნოთ და ამის საფუძველზე გაცილებით უფრო ძლიერი განვითარება უნდა მოვახდინოთ. არც ერთი მთავრობა არ არის იდეალური არცერთ ქვეყანაში. შეცდომები ყოველთვის არის. იმიტომაც ვართ ჩვენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მივიღეთ უფრო აქტიურად ჩავერთოთ საკანონმდებლო საქმიანობაში და თუ რამე ხარვეზებია შემორჩენილი მაქსიმალურად ვიზრუნებთ მათ რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორებაზე. ინფორმაციის ნაკლებობა, გასაგებ ენაზე მიწოდება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის,-ეს ის საკითხებია, რომელზეც ჩვენ ყურადღების გამახვილებას ვაპირებთ. ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი “ღია კარის“ დღეების დანერგვას შეადგენს, სადაც საშუალება იქნება, ვისაც სურვილი ექნება ჩვენ მივიდეთ მათთან და ვესაუბროთ, უფრო მარტივად და გასაგებად ავუხსნათ თუ რას მოიცავს ეს საკითხები, როგორ უნდა გაითვალისწინონ, როგორ შეუძლიათ მათ ეს გამოიყენონ და ისინი ამ პროცესში ჩართულობით გაცილებით უფრო აქტიურები გავხადოთ.

- თქვენ კერძო სექტორის წარმომადგენელი ხართ და რა გინდათ, რომ მთავრობის მხრიდან უკეთ ხდებოდეს?

- ერთ-ერთი რაც თავიდან ვახსენე ეს არის დიალოგი მთავრობასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესის ხმა მთავრობამდე აღწევდეს, კარგად იქნას გაგონილი და მათ საკმარისი დრო მიეცეთ, რათა მათ თავიანთი ხედვები წარმოადგინონ, შემდეგ ანალიტიკოსებთან ერთად მუშაობაში ჩაერთონ და გადაწყვეტილებები ისე იქნას მიღებული. არის ბევრი სხვადასხვა ინცენტივები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება გამოყენებული იქნას იგივე საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით, იგივე დეკრიმინალიზაცია, ამნისტია, რომელიც 2013 წლის 1 იანვრამდე ეკონომიკურ დანაშაულებს ეხებოდა, სგადასახადო სისტემა და ა.შ. ყველა გადასახადების შემცირებაზე და ლიბერალიზაციაზე საუბრობს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია საგადასახადო კუთხით სტრუქტურული ცვლილებები, ანუ ის ელემენტარული, რაც არის მაგალითად საბანკო ანგარიშების დაყადაღება, საგადასახადო უწყებებს ამის საშუალება აღარ ექნება, ეს აუცილებლად სასამართლოს გზით მოხდება, რაც ძალიან ბევრ ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ფსიქოლოგიური წნეხიც მოიხსნება და სხვა. ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც ეკონომიკის სწრაფ ზრდასა და განვითარებას ხელს შეუწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები