დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი იმ ინვესტორმა უნდა ააშენოს, რომელიც დღეს მუშაობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საინვესტიციო კლიმატის აღქმისთვის.
"რა მოცემულობა გვაქვს პორტებთან დაკავშირებით. არის ფოთის პორტი, არსებობს ინვესტორი, მგონი უკვე 10 წელიწადია. სამწუხაროდ, ფოთის პორტში არის ძალიან მაღალი ტარიფები, როგორც ვიცი, ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ტარიფებია, რაც არსებობს ჩვენს რეგიონსა და ევროპაში, რაც პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის.
მეორე – ათი წელია უკვე, თუ მეტია, არსებობს ეს ინვესტორი და აქამდე ქმედითი ნაბიჯები მისი მხრიდან, რომ გააკეთოს ღრმაწყლოვანი პორტი, არ გადადგმულა. გამოჩნდა ინვესტორი და გამოჩნდა ახალი – ანაკლიის პროექტი. ამ პროექტმა უკვე გაიარა განსაზღვრული გზა, ჩადებულია დიდი თანხები და ამ დროს ფოთის პორტში ხდება სკანდალი. ეს არის სკანდალური ინფორმაციის გაჟონვა, რომ იქაც აპირებს ინვესტორი გაკეთებას. მე ვთვლი, რომ ამ გაჟონვაში არსებობს მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს. ამიტომ მე თქვენ მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, მილიარდზე მეტი მაქვს საქართველოში ჩადებული, რომ ამ კუთხით არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს, რადგან ჩემი ინფორმაციით, რაც მაქვს დღეს, საკმარისი ტვირთები, ორი ღრმაწყლოვანი პორტისთვის საქართველოში, ჩვენი კორიდორის გავლით, დღეს და ახლო პერსპექტივაში არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არავითარი ნებართვები არ უნდა გაიცეს და პრაქტიკულად ექსკლუზივი, ან კვაზი ექსკლუზივი უნდა გაიცეს ანაკლიის პორტზე და არც ინვესტორს ექნება საბაბი, უარი თქვას ამ პორტის განხორციელებაზე. მინდა გაითვალისწინოთ ჩვენი მოწოდება. ეს არის ერთადერთ გზა, რომ დღეს ანაკლიის პორტში დარჩეს ის ინვესტორი, რომელიც არის", – განაცხადა ოქრიაშვილმა.

























