PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. როგორცოქრიაშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი" განაცხადა, 2004 წლიდან 2010 წლამდე 20 000-ზე მეტი სამართალდარღვევა გამოვლინდა და ნახევარი მილიარდი ლარია ამოღებული სახელმწიფო ბიუჯეტში.
"ნახევარი მილიარდი კი არა 5 მილიარდი არ ეყოფა იმას, რომ მთავრობამ ბიზნესის ნდობა მოიპოვოს. ქვეყნის წინსვლისა და ბიზნესის განვითარებისთვის, ხალხის დასაქმებისთვის და ხალხის შემოსავლების ზრდისთვის ზრუნვას 50 მილიარდი არ ეყოფა. 10 წლის მანძილზე სულ 500 მილიონი ლარი იყო ამოღებული სახელმწიფო ბიუჯეტში და პასუხისგებაში უამრავი ადამიანი იყო მიცემული. რა თქმა უნდა, დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს.
ვფიქრობ, რომ ცვლილებები 4 მუხლს შეეხება. არსებობს ეჭვები და მტკიცებულებები, რომ წარსულში ამ მუხლების მეშვეობით ბიზნესმენების დაშანტაჟებისა და დაშინების მცდელობები იყო. დაპატიმრების შიშის ქვეშ მყოფი ადამიანი არ არსებულ დანაშაულს აღიარებდა. ეს მომავალში უნდა გამოვრიცხოთ. უფრო დიფერენცირებული მიდგომები უნდა იყოს. ასეთი მიდგომებით კი ჩვენ ნდობას აღვადგენთ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

























