თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე პროფესიონალური ფიზიკური მომზადების ცენტრი "ჩემპიონთა აკადემია" იხსნება. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ცენტრის დამფუძნებელმა, PSP-ს დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის შვილმა, გიორგი ოქრიაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ცენტრის ტექნიკური გახსნა მიმდინარე კვირაში იგეგმება.
აღნიშნული ცენტრი იქნება მთლიანად მორგებული პროფესიონალი სპორტსმენების გადამზადებაზე.
"ეს არ იქნება ფიტნეს-კლუბი, ჩვენ ვართ პროფესიონალური ფიზიკური მომზადების ცენტრი. ცენტრი შეიქმნა პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და მაღალ კვალიფიციურ ფიზიკურ მომზადებას ვთავაზობთ მათ. აქედან გამომდინარე მწვრთნელები და აღჭურვილობა არის მაღალი ხარისხის და მთლიანად მათ მოთხოვნებზე მორგებული. ცენტრის კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა ფოკუსირება გაკეთებულია სპორტსმენების გადამზადებაზე", - აცხადებს ოქრიაშვილი.
მისივე თქმით, ცენტრში დაახლოებით 4 მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული. ამასთან, ცენტრი მოიცავს მომხმარებელზე მორგებულ 12 განსხვავებულ პაკეტს, რომელთა ფასები მასში შემავალ მომსახურეობებზეა დამოკიდებული.

























