მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახაბერ ჟორჟოლიანი თურქ ბიზნესმენზე: "შენობა დამიზიანა და ზიანის გადახდა არ უნდა"

5b31c5aad4b37
მეგი კავთუაშვილი
26.06.18 09:00
1841
კახაბერ ჟორჟოლიანი თურქი ბიზნესმენის ბრლადებებს ბრალდებითვე პასუხობს. მისი თქმით, ქემალ გაზიოღლუს დეველოპერული გეგმებისთვის ხელი არ შეუშლია და უცხოელმა თავად მიიღო დაწყებული მშენებლობის გაჩერების გადაწყვეტილება. საქმე სასამართლოში, სწორედ მას შემდეგ მოხვდა, რაც წლობით მიტოვებულმა საძირკველმა 2 მეტრში მდებარე შენობა დააზიანა. რაც შეეხება ბრალდებას, რომ თურქ ბიზნესმენს ქრთამის სახით ფულს სთხოვდა, კახაბერ ჟორჟლიანის განმარტებით, სთხოვდა არა ქრთამს, არამედ დაზიანებული შენობის გამაგრებას. უარის მიღების შემდეგ კი კანონიერ გზას მიმართა და საჩივარი სასამართლოში შეიტანა.

„ჩემი შენობიდან 2 მეტრის დაშორებით შენობის ორ გვერდზე ამ ადამიანმა 2007 წელს ამოთხარა 3,5 მეტრის სიღრმის საძირკველი და მიატოვა. ნებისმიერი მყარი შენობა, ორ სრულ გვერდზე ძირი რომ ამოუთხარო, აუცილებლად დაზიანდება. ჩემი შენობა გადაიხარა ამოთხრილი საძირკვლის მხარეს, ბზარები გაუჩნდა. შემდეგ გავიგეთ, რომ ამაზე სამშენებლო ნებართვაც კი არ იყო გაცემული. მოვძებნეთ ამოთხრილი საძირკველის მეპატრონე, ჩავატარეთ ერთობლივი კვლევა და ყველა ექსპერტმა, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე მისმა დაქირავებულამ ექსპერტებმა დაზიანების სიმძიმე შეაფასეს. მაშინ მის წარმომადგენლებთან შევთანხმით, რომ ქემალი თურქეთიდან ჩამოვიდოდა და ზიანს ამინაზღაურებდა. მაგრამ დრო გაწელეს, ამასობაში ყველა ქონება რაც კი თავის სახელზე ჰქონდა, ფიქტიურად სხვაზე გადააფორმეს და ზიანის ანაზრაურებაზე უარი გვითხრეს. ქრთამს კი არა, თავისი ქმედებისგან დაზიანებული შენობის გამაგრებას ვთხოვდი. ერთადერთი მიწა ჰქონდა დარჩენილი და ისიც დაუყადაღდა, როგორც ჩემი სარჩელის უზრუნველყოფა.“ - განუცხადა bm.ge-ს კახაბერ ჟორჟოლიანმა.

კახაბერ ჟორჟოლიანი არასამართლიან ბრძოლაში ქემალ გაზიოღლუს ადვოკატს ხათუნა გრიგალაშვილსაც ადანაშაულებს და ქემალ გაზიოღლუსთან არსებულ კიდევ სხვა 5 სასამამრთლო დავაზე საუბრობს.

„”ბეკოს“ ტექნიკა მისი ბიზნესია, მაგრამ ყველა აქტივი სხვებზე, თურქებზე გადააფორმა. რომ იძახის ინვესტორი ვარო, გადაამოწმეთ რა ქონებას ფლობს, არაფერი მის სახელზე არ არის რეგისტრირებული. ამას აკეთებს იმისთვის, რომ სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდეს და მე ეს ფული რაც სასამართლომ დააკისრა, ვერ ამოვიღო. სხვა დავები სწორედ ამ საკითხრებს ეხება. ვითხოვე მოხდეს ბათილობები და თავისი ქონებები დაბრუნდეს მის სახელზე. კიდევ ერთი თაღლითური საქმე, რაც მის სახელს უკავშირდება 2017 წელს მოხდა. 11 დეკემბერს ქემალ გაზიოღლუმ ფიზიკური და იურიდიული პირის მისამართები გადაიტანა ბათუმში. მეორე დღეს სხვა თურქს ფიქტიურად, ყალბად აჩივლებინა. ვითომ მისი ვალი ჰქონდა 2 მილიონი დოლარი და წინა რიცხვით გაკეთეს ყალბი ხელშეკრულებები, სადაც დაწერა რომ თუ ამ 2 მილიონს ვერ გადაუხდიდა, ის მიწის ნაკვეთი, რაც დაყადაღებული მქონდა, იმას უნდა გადასცემოდა. რაკი მისამართები გადატანილი ჰქონდა ბათუმში, საქმე მოხვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. რა თქმა უნდა, ქრთამი გადაიხადა, საქმე ჩააწყო. მე 6 წელია ვედავები და იქ ორ თვეში დაამთავრეს საქმე და იმ თურქს, ვითომ მომჩივანს დაუკმაყოფილდა საქმე, მოხსნეს ჩემს დაყადაღებულ მიწის ნაკვეთს გირავნობა და მომივიდა რეესტრიდან განცხადება, რომ ყადაღა მოხსნილი იყო. ის მოსამართლე ვალდებული იყო, მე მესამე პირად ჩავერთე საქმეში და რა თქმა უნდა, გავუბათილებდი, მაგრამ მე არავინ დამიძახა. რამდენიმე დღეში იმ თურქმა, რომელმაც ვითომ წაართვა ეს უძრავი ქონება, კიდევ სხვაზე გადაყიდა. ანუ შექმნეს კეთილსინდისიერი მყიდველი. დღეს რომ იძახის აშენება მინდა ამ მიწაზეო, ეს მიწა მისი აღარაა ფაქტიურად და რის აშენებას ითხოვს.“ - აცხადებს კახაბერ ჟორჟოლიანი და ითხოვს სასამართლომ გააბათილოს მისი შეფასებით ყალბი ხელშეკრულებების საფუძლევზე მიღებული სასამართლო გადაწყეტილებები.
„მე ვარ დაჩაგრული და მე უნდა ვაწყობდე პრესკონფერენციებს.“ - აცხადებს კახაბერ ჟორჟოლიანი.
შეგახენებთ, ქემალ გაზიოღლუმ გუშინ გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში კახაბერ ჟორჟოლიანი თაღლითობაში დაადანაშაულა და მას მრავალფუნქციური კომპლექსის დაწყებული მშენებლობის დასრულების ხელისშეშლაში დასდო ბრალი. ხოლო სასამართლო სისტემა არასამართლიან მიკერძოებაში ამხილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები