"მარანი მილორაული" ქვევრის ნატურალურ ღვინოს ჩეხეთში გაიტანს. როგორც მარნის დამფუძნებელმა სანდრო მილორავამ Bm.ge-ს განუცხადა, მარანს ჩეხი მეღვინეები თავად ესტუმრნენ და საექსპორტოდ ქვევრში დაყენებული “საფერავი“ შეარჩიეს, რომელიც ჩეხეთში მარტში გაიგზავნება.
მარანი თელავის ცენტრში, “მილორავების საოჯახო სასტუმროს“ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სანდრო მილორავა საავტორო ღვინოებს სამი წელია ამზადებს, როგორც თავად განმარტავს, მარნის შექმნის იდეაც სწორედ ტურიზმის განვითარებიდან მოვიდა.
“საოჯახო სასტუმრო თელავში, თუ არ ვცდები, პირველებმა ჩვენ მოვაწყეთ, ეს სატუმრო 20 წელია გვაქვს. რადგან ამ ბაზარზე კონკურენცია დიდია, მინდოდა სტუმრებისთვის რაღაც ახალი შემეთავიზებინა და დავიწყე ჩემი ღვინის წარმოება, იმდენად გემრიელი საქმეა, რომ საოჯახო სასტუმრო დამრჩა უკან. ახლა ვფიქრობთ წარმოების გაზრდაზე, რისთვისაც ახალი მარნის აშენებას ვაპირებთ. თელავთან ახლოს ოჯახის კუთვნილი საგვარეულო მიწები გვაქვს და გვინდა, ახალი მარანი იქ მოვაწყოთ”,- განუცხადა Bm.ge-ს სანდრო მილორავამ.
ამჟამად მარანში რამდენიმე სახის ქვევრის ღვინოს ამზადებენ, მაქსიმალური წარმადობა 4200 ბოთლია, ეს ორჯერ აღემატება იმ რაოდენობას, რაც პირველ წელს აწარმოეს.
“გასულ წელს ჩვენს პორტფელს სრულიად ახალი ღვინო შეემატა, სახელწოდებით ,,ტრიო“, რომელიც სამი ჯიშის ყურძნის: ქისის, ხიხვისა და მწვანეს სეპაჟია. გარდა ამისა ვამზადებთ ,,მონტეპუჩიანოს“, ეს ღვინო იტალიური ჯიშის ყურძნისგან იწარმოება, რომელიც კახეთში ხარობს, ასევე ფრანგულ ,,შირაზს“. ჩვენს პორტფელშია საფერავი, რქაწითელი, მანავის მწვანე, ქისი და როზეც”, - განაცხადა სანდრო მილორავამ.
,,მარანი მილორაულის“ ღვინოები ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში და კაფეებშიც იყიდება, ღვინოების ფასი 40 ლარიდან იწყება.

























