საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი კახეთში აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას იწონებს.
როგორც BM.ge-ის შიოლაშვილმა განუცხადა, კახეთს უნდა ჰქონდეს საკუთარი აეროპორტი, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შიდა ფრენებზე მოთხოვნა ძალიან მცირეა და ასევე, 2027 წლამდე კახეთში საერთაშორისო აეროპორტი ვერ გაიხსნება.
"ჯერ კიდევ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში, მაშინ გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო, ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობდით. საუბარი იყო თელავში საერთაშორისო აეროპორტის გახსნაზე, მაგრამ როგორც ვიცით, „ტავ ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ტავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს და ეს ხელშეკრულება გამორიცხავს საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საკითხს“, - განაცხადა შიოლაშვილმა.
ყოფილი გუბერნატორის თქმით, მთავრობამ თელავში საერთაშორისო აეროპორტის გახსნა და ოპერირება „ტავ ჯორჯიასაც“ შესთავაზა, მაგრამ კომპანიამ უარი თქვა.
რაც შეეხება შიდა ფრენების განხორციელებას, ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ ამის საშუალება დღესაც არსებობს, მაგრამ შიდა ფრენებზე მოთხოვნა ძალიან მცირეა.
"თელავის აეროპორტი ფუნქციონირებს. იქ დგას VIP-თვითმფრინავი და დაკვეთის შემთხვევაში, შიდა ფერენების განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მოთხოვნა ძალიან მცირეა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოკლე მანძილია საჰაერო ტრანსპორტისთვის კახეთთან მიმართებაში", - აღნიშნა შიოლაშვილმა.

























