მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახეთში ხის კენწეროების ბილიკის პროექტი წლის ბოლომდე მომზადდება

5b8f95a4bc6a7
BM.GE
05.09.18 12:29
16291
უკვე გამოვლინდა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანულ-ჰოლანდიური კომპანია, „CITYFORESTER“, რომელიც ხის კენწეროების ბილიკის პროექტს მოამზადებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კომპანია ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს.

ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„CITYFORESTER“-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: „OPENFABRIC“ და „IMAGINE STRUCTURE“ ჩაერთვება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, ბილიკის დაგეგმარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. პროექტის მომზადება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„კახეთი ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მოვაწყოთ ხის კენწეროების ბილიკი. ეს არის ნოვაცია საქართველოში, მსგავსი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. ვიზიტორები ბილიკის დათავლიერებისას, შეძლებენ გაეცნონ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას“- განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები