კემბრიჯის ლექსიკონის წლის სიტყვა "პარასოციალური" გახდა. Parasocial - კავშირი, რომელსაც ადამიანი გრძნობს მასა და იმ ცნობილ ადამიანს შორის, რომელსაც არც კი იცნობს.
"ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ცალმხრივი პარასოციალური ურთიერთობების ზრდამ დიდი გავლენა იქონია ფანებსა და ცნობილ ადამიანებზე", - წერს BBC.
ბრიტანულ გამოცემას პარასოციალური კავშირის მაგალითად მოჰყავს მიმდინარე წლის შემთხვევა: "ამერიკელ პოპვარსკვლავ ტეილორ სვიფტისა და ფეხბურთელი ტრევის კელსის მიერ ნიშნობის გამოცხადების შემდეგ, ბევრმა ფანმა წყვილთან ძლიერი კავშირი იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგან პირადად არ შეხვედრიან".
სიტყვა, რომელსაც ადრე მხოლოდ მეცნიერები იყენებდნენ, დღეს იმდენად პოპულარულია, რომ პლანეტის ინგლისურენოვანი მოსახლეობის ყოველდღიურ ლექსიკონშიც ხვდება. როგორც "კემბრიჯის ლექსიკონის" თანაავტორი, კოლინ მაკინტოში აღნიშნავს, "ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება ენა. რაც ადრე მხოლოდ აკადემიურ ტერმინად მიიჩნეოდა, დღეს უკვე მეინსტრიმულია. პარასოციალურ ურთიერთობაში ბევრი ადამიანია ჩართული. უფრო მეტი კი ამ შემთხვევების ზრდითაა დაინტრიგებული".
გარდა "პარასოციალურისა", კემბრიჯის ლექსიკონში წელს 6 000-მდე ახალი სიტყვა დაემატა. მათ შორისაა ინტერნეტისთვის დამახასიათებელი სლენგები: Delulu ან Skibidi.
ლექსიკონს წელსვე დაემატა სიტყვა "Slop", რომელიც გამოიყენება ინტერნეტში განთავსებულ დაბალხარისხიან კონტენტთან მიმართებით, განსაკუთრებით, თუ ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.
კიდევ ერთი ახალი სიტყვაა "Memeify" - მოვლენის, ფოტოს ან ადამიანის ინტერნეტმიმად ქცევა.




























