მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერამიკის ბრენდი EBRA წლის ბოლომდე მაღაზიას გახსნის

EBRA

კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო EBRA თითქმის 3 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და ის მომხმარებელს ხელნაკეთ, ხელით მოხატულ კერამიკას სთავაზობს. 

“დამკვეთებს შეუძლიათ მათთვის სასურველი ფორმისა და მოხატულობის სხვადასხვა კერამიკული ნამუშევრის ექსკლუზიურად დამზადება "ებრას" პროფესიონალი მხატვრებისა და კერამიკოსების შესრულებით. ასევე, შესაძლებელია უკვე მზა პროდუქტების შეძენა, მათ შორისაა: სანათები, ლარნაკები, სახილეები, კედლის საათები ჭურჭელი და სხვა”, - აღნიშნა EBRA-ს დამფუძნებელმა ლევან ებრალიძემ.

ბრენდის დამფუძნებელმა BMG-სთან ინტერვიუში გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა ნედლეულის მოპოვება და გამოცდილი კადრის დეფიციტია.

“სამწუხაროდ, რადგან საქართველოში არ მოიძებნება სათანადო მასალები, ნედლეული ძირითადად იმპორტირებული გვაქვს, კერძოდ თურქეთიდან, ჩვენთვის მასალების რთული ხელმისაწვდომობა დიდი გამოწვევაა, ისევე, როგორც ნედლეულის სიძვირე, ამასთან, დარგის პროფესიონალების ნაკლებობა აძნელებს კადრებს მოძიებას”, - დასძინა მან.

კითხვაზე თუ როგორია ბრენდის საფასო პოლიტიკა დამფუძნებელი პასუხობს: “EBRA მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე პროდუქტს ქმნის, რაც, ბუნებრივია, ვერ იქნება დაბალფასიანი. თუმცა, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი საფასო პოლიტიკა გადის იმაზე, რომ გვქონდეს კომპანიის არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელ შემოსავალზე შესაბამისი მინიმალური ფასები”.

ამასთან, ებრალიძე ბრენდის სიახლეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე კომპანია ახალ მაღაზიას გახსნის, სადაც მსურველებს პროდუქტის შეძენა შეეძლებათ.

“ძალიან მალე გააქტიურდება ჩვენი ვებგვერდი და, რაც მთავარია, მომხმარებელთა ძალიან დიდი მოთხოვნით, მიმდინარე წელს გაიხსნება “ებრას” მაღაზია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ, ფაქტობრივად, ყველა დამკვეთის აღნიშვნით, ჩვენი ნამუშევრები რეალობაში გაცილებით უფრო ლამაზია, ვიდრე სურათებში ჩანს, შესაბამისად, უკვე ყველას შეეძლება ებრას ნაკეთობების საკუთარი თვალით ნახვა და შეძენა, ამასთან, სამომავლოდ გვინდა ევროპის ბაზარზე უფრო ფართოდ გასვლა, ამჟამად, ექსპორტზე მხოლოდ კერძო დაკვეთების სახით გავდივართ”, - დასძინა მან.

ცნობისთვის: EBRA-ს გუნდი 7 ადამიანისგან შედგება და ეს რიცხვი მაღაზიის გახსნის შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება. ბრენდის პროდუქციის შეძენა EBRA-ს "ფეისბუქ" და "ინსტაგრამ" გვერდზეა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები