კერძო ავიაციის (Private Jet Charter) ინდუსტრია გლობალურად სწრაფ ზრდას განაგრძობს, რაც ნაწილობრივ მდიდარი ინდივიდების რიცხვის მატებასა და კორპორაციული მოთხოვნის ზრდით აიხსნება.
საერთაშორისო სტატისტიკურ პლატფორმა Gitnux-ის მონაცემებით, 2023 წელს გლობალური კერძო ავიაციის ბაზარი 32.25 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ხოლო 2030 წლისთვის პროგნოზირებულია მისი 50.75 მილიარდ დოლარამდე ზრდა, რაც საშუალოდ 6.7%-იან წლიურ ზრდას (CAGR) წარმოადგენს. ინდუსტრია დღეს უკვე დაახლოებით 1.2 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს მსოფლიოს მასშტაბით.
კვლევის მიხედვით, კერძო თვითმფრინავების ბაზარზე აშშ-ში რეგისტრირებული რეისების დაახლოებით 55% კორპორატიული საკუთრების კატეგორიას ეკუთვნის, რაც მიუთითებს, რომ ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიზნესი გახლავთ. მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ულტრა-მდიდარი პირებია: კერძო თვითმფრინავის მფლობელთა 42%-ს 100 მილიონ დოლარზე მეტი ქონება აქვს. ჩარტერული რეისების მომხმარებელთა 52% 45–64 წლის ასაკის, მაღალი წმინდა ქონების მქონე პირებს წარმოადგენენ, ხოლო ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლების თანაფარდობა დაახლოებით 70/30-ს შეადგენს.
კერძო ავიაციის ბაზარი მაღალი ღირებულებითაც გამოირჩევა. საშუალო საათობრივი ჩარტერული ტარიფი 5,800 აშშ დოლარს აღემატება, საშუალო ზომის ბიზნეს-ჯეტის ფასი 12.5 მილიონ დოლარს აღწევს, ხოლო მსხვილი თვითმფრინავის წლიური ოპერირების ხარჯი 4.2 მილიონ დოლარამდეა. ჯეტ ბარათის სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში, საშუალო დეპოზიტი ხშირად 250,000 აშშ დოლარს შეადგენს.
პროგნოზის მიხედვით, გლობალური კერძო თვითმფრინავების ფლოტი 2030 წლისთვის 25,000 თვითმფრინავამდე გაიზრდება. ინდუსტრიის განვითარებას თან ახლავს ზრდა შედარებით ხელმისაწვდომ სეგმენტშიც – მსუბუქი თვითმფრინავების ჩარტერზე, სადაც ტარიფები ბოლო პერიოდში 18%-ით გაიზარდა.






















