2020 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა სესხის პროცენტის დასუბსიდირებას სპორტდარბაზებთან ერთად, ბაღებისთვისაც განიხილავდა.
Bm.ge-ის ინფორმაციით, ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს საკითხის შესწავლაც ჰქონდა დაწყებული და ამ მიზნით, კომერციულ ბანკებსაც სთხოვა, დაემუშავებინათ და მიეწოდებინათ ინფორმაცია სასესხო პორტფელის მოცულობაზე.
თუმცა, როგორც დღეს ირკვევა აღნიშნულ პროგრამაში კერძო ბაღები ამ დრომდე ვერ ჩაერთნენ. არადა მათი განმარტებით, ყველა ბიზნეს სუბიექტს ბანკთან სასესხო ვალდებულება აქვს, ხოლო იმის გამო, რომ მათი საქმიანობა მარტის შემდეგ დაპაუზებულია და შემოსავლები განულებულია, მათ ვალდებულებების დაფარვა უჭირთ.
“სასესხო პორტფელი ჯამურად კერძო ბაღების შემთხვევაში 15 მილიონ ლარამდეა. ჩვენ არ ვითხოვთ სესხების დაფარვას, ვითხოვთ სესხის პროცენტის სუბსიდირებას. შესაბამისი პროპორციით 15 მილიონის 14-15%-მდე მერყეობს. შესაბამისად, ეს განსაკუთრებულად რთული პორტფელი არ არის", - აცხადებს საგანმანათლებლო ასოციაცია "მნათის" აღმასრულებელი დირექტორი გიგი სისვაძე.
პრობლემებზე BM.GE-თან საუბრობს საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი ქალიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ შესაბამისი მოთხოვნით მთავრობას ასოციაციამ ერთი თვის წინ მიმართა, თუმცა, ისინი მათგან ამ დრომდე ელოდებიან პასუხს.
“ძალიან დიდი ვალდებულებები აქვთ კერძო ბაღებს და არავინ არ ითვალისწინებს. თუნდაც სუბსიდირების ნაწილში ხომ შეიძლებოდა პროგრამაში ჩვენი ჩართვა. ან სახელმწიფოს შუამდგომლობა გაეწია სესხების გადავადებასთან დაკავშირებით, პროცენტის დანამატის გარეშე. არ ითვალისწინებენ აბსოლუტურად. არც იმედს გვაძლევენ, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით დახმარება იქნება", - ამბობს საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი ქალიაშვილი.