მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო ბაღებში მოთხოვნაც გაიზარდა და ფასებიც" - "მნათი"

კერძო ბაღი

კერძო საბავშვო ბაღების ასოციაცია "მნათის" აღმასრულებელი დირექტორის, გიგი სისვაძეს თქმით, 2024-25 სასწავლო წლისთვის კერძო ბაღებზე მოთხოვნა გაზრდილია, რასაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განაპირობებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ტარიფები გაიზარდა, მოთხოვნა წელს მაღალია და კერძო ბაღებში უფრო გაზრდილია, ვიდრე - საჯაროში. ფაქტობრივად, თითქმის ყველა კერძო ბაღში ყველა ჯგუფი შევსებულია.

ალბათ, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღებში მიმართვიანობა უფრო მეტად არის, რადგან სერვისიც გაუმჯობესებულია და გაძვირებულიც", - ამბობს გიგი სისვაძე.

"მნათის" დირექტორის თქმით, კერძო ბაღების ღირებულება სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციის შედეგად გაიზარდა.

"ტარიფები გაძვირებულია, 600-ლარიანი 800-მდე გაიზარდა. სახელმწიფო რეგულაცია შემოვიდა, ბაღების ავტორიზაციის კონტროლის, რაც უსაფრთხოებისა და კვების მაღალ სტანდარტებს, საკვები პროდუქტების უვნებლობის უზრუნველყოფას, HACCP-ის სტანდარტის დანერგვასა და შენობა-ნაგებობების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. შესაბამისად, სერვისი გაუმჯობესდა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული", - განმარტავს კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელი.

გიგი სისვაძეს კერძო ბაღების გამოწვევებზეც ვკითხეთ. მისი თქმით, კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბაზარზე კვლავ არსებობს, რის გამოც ასოციაცია მომავალი წლიდან კადრების გადამზადებას გეგმავს.

"ასოციაციას სჭირდება პერსონალის გადამზადება, რადგან ქვეყანაში მნიშვნელოვანი დეფიციტია. კვალიფიკაცია განსაკუთრებულად დაბალია ბავშვების იმ კატეგორიისთვის, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვთ და განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, მომავალი წლიდან იგეგმება, რომ პერსონალი კონკრეტული სამედიცინო სპეციალიზაციით გადამზადდნენ.

ამ საკითხზე სახელმწიფოსთანაც გვქონდა კომუნიკაცია, თუმცა კონსენსუსამდე ვერ მივედით. გვინდოდა ა(ა)იპ-ად გადავკეთებულიყავით და სახელმწიფოსი გამხდარიყო ასოციაცია, მაგრამ ეს საკმაოდ რთული საკითხი აღმოჩნდა, ამიტომ დამოუკიდებლად, ჩვენი წევრი ბაღებისა და საწევრო შემოსავლით შევეცდებით ამის დაფინანსებას", - ამბობს "მნათის" აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები