მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო ინვესტორი უკეთ ახორციელებს კომერციულ პროექტებს, ვიდრე სახელმწიფო – მილორავა "ნამახვანზე"

61ed247a3d2fd
დავით ჯალაღონია
23.01.22 20:00
808
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა მიიჩნევს, რომ "ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.

ამის შესახებ მან "საქმიან დილაში", "ნამახვანის" ინვესტორი კომპანია ENKA–ს მიერ პროექტის დატოვებისა და შესაბამისად, ამ ჰესის მშენებლობის ალტერნატიულ შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.

"ნამახვანის" პროექტს რამდენიმე მიმართულებით უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ერთია ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა, მეორე კი – მას აქვს სოციალური დატვირთვა და კრიტიკული მნიშვნელობა ახალი ბაზრისთვის. ჩვენთვის "ენგურჰესი" აღარ არის იმ მოცულობით ხელმისაწვდომი, როგორც ეს წლების წინ იყო და ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ბაზრის მოდელისთვის აღარ რჩება საკმარისი სარეზერვო სიმძლავრეები. როდესაც ვსაუბრობთ კაშხლიან ჰესზე და კონკრეტულად, "ნამახვანზე", მას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ახალი ბაზრისთვის, განსაკუთრებით, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისთვის და იგი უნდა გამხდარიყო სარეზერვო სიმძლავრის ერთ–ერთი მსხვილი მიმწოდებელი. ამიტომ მე მგონია, რომ ამ ჰესის აშენებას არ აქვს ალტერნატივა.

მთავრობამ და ხელისუფლებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ეს პროექტი აშენდეს. ეს მოხდება კერძო ინვესტიციის, თუ სახელმწიფოს ხარჯზე, არ ვიცი", – განაცხადა ირინა მილორავამ.

რაც შეეხება, ჰესის მშენებლობის დაფინანსებას, ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისას კერძო ინვესტორი, სახელმწიფოსთან შედარებით, უკეთესი მენეჯერია.

"ზოგადად, მე არ ვემხრობი იმ პროექტების სახელმწიფოს მიერ განხორციელებას, სადაც შესაძლებელია, კერძო სექტორი შემოვიყვანოთ და როგორც წესი, კერძო ინვესტორი უკეთესად ახორციელებს კომერციული ხასიათის პროექტებს, მაგრამ თუ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს და ასეთი მოცემულობა შეიქმნა, პროექტი ნენისმიერ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთავრობის მხარდაჭერა, მათ შორის, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესში", – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ $800 მილიონიანი "ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა. Bm.ge-ის ინფორმაციით, კომპანიიდან თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე წავიდა. ამ ყველაფერს კი, ENKA-ს მიერ, გასული წლის სექტემბერში, სტამბოლის საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთებული განცხადება უძღოდა წინ.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები