რკინიგზის ინფრასტრუქტურას კერძო დაცვითი ორგანიზაციები ვეღარ დაიცავენ. ამას სარკინიგზო კოდექსში შესატანად წარდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კოდექსის მოქმედი ფორმულირებით, მსვლელობის გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას რკინიგზა სატრანსპორტო პოლიციის მეშვეობით ახორციელებს. თუმცა, სატრანსპორტო პოლიცია დღეს აღარ არსებობს, შესაბამისად, რეგულაცია მოძველებულია. ამასთან, დღეის მდგომარეობით, რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაცვას ნაწილობრივ კერძო დაცვითი ორგანიზაციები ახორციელებენ, რაც საფრთხეს უქმნის სარკინიგზო უსაფრთხოების ერთიანობას.
კანონპროექტის მიღების შედეგად, სატრანსპორტო პოლიციის ნაცვლად მსვლელობის გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას განახორციელებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან, აღნიშნული ტვირთის ნუსხას რკინიგზა დაადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
პროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში რჩება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
დოკუმენტის თანახმად, დღეის მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზის არსებული ხარჯი კერძო დაცვით ორგანიზაციასთან შეადგენს 10.9 მლნ ლარს, შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ კონტრაქტორი კერძო დაცვითი ორგანიზაციის შემოსავლები ამ თანხის ოდენობით.
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ცვლილებების ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.



























