დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი პრემია თითქმის 534 მლნ ლარის ოდენობით სამედიცინო დაზღვევაში იქნა მოზიდული. შარშან სამედიცინო დაზღვევას ბაზრის 42% ეკავა. 2023 წელთან შედარებით აქ მოზიდული პრემია 19%-ით არის გაზრდილი.
შემდეგ მოდის სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა (ავტოდაზღვევა) 256.3 მლნ ლარით აქ წლიური ზრდა 25%-ს შეადგენს. ტრანსპორტის დაზღვევას ბაზრის 20% უკავია. მესამე ადგილს ქონების დაზღვევა იკავებს 132.3 მლნ ლარის მოზიდული პრემიით, აქ წლიური ზრდა 5%-ია. ქონების დაზღვევას ბაზრის დაახლოებით 10% უკავია.
გასულ წელს ანაზღაურებული ზარალი 24%-ით 760 მლნ ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება კომპანიებს, აქ "ჯიპიაი" ლიდერობს 122 მლნ ლარით, შემდეგ მოდის "ბბ დაზღვევა" 115 მლნ ლარით, მესამე ადგილს კი 97 მლნ ლარით "თიბისი დაზღვევა" იკავებს.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით. ამასთან, რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. 2024 წლის მდგომარეობით სამედიცინო დაზღვევაში 741 174 პოლისია მოქმედი, აქ წლიური ზრდა 3%-ს შეადგენს. ტრანსპორტს რაც შეეხება (ავტოდაზღვევა) აქ პოლისების რაოდენობა 138 219 -ია, წლიურად ავტოდაზღვევის პოლისები თითქმის 10%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ჯამში 19 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. გასულ წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ (შემოსავალმა) პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან თითქმის 1.3 (1 259 მილიონი ლარი) მილიარდი ლარი იყო. წლიური ზრდა 195 მლნ ლარს შეადგენს.


























