მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო საპენსიო ფონდებში მოქალაქეები 32.5 მლნ ლარს ინახავენ

63a3152c0e3e3
ელენე გოგბერაშვილი
25.12.22 09:30
852
არასახელმწიფო საპენსიო სქემებში საქართველოს მოქალაქეებმა 32,5 მილიონი ლარის დანაზოგი გააკეთეს. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურში ამ დროისთვის სამი არასახელმწიფო საპენსიო სქემაა რეგისტრირებული, რომელთაგანაც ორი სქემის დამფუძნებელს სადაზღვევო ორგანიზაციები - „ალდაგი“ და „ჯი პი აი ჰოლდინგი“ წარმოადგენენ, ხოლო ერთი სქემა დაფუძნებულია არამზღვეველი იურიდიული პირის „საქაერონავიგაციის“ მიერ საკუთარი დასაქმებულებისათვის.

ჯამში, კერძო საპენსიო სქემებს 15 761 მონაწილე ჰყავს. 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო რეზერვების მოცულობა - 32,5 მილიონ ლარს, სქემის საინვესტიციო შემოსავალი კი 2 მილიონ ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი მონაწილე, 11 430 „ჯი პი აი ჰოლდინგის“ დაფუძნებულ სქემას ჰყავს, თუმცა როგორც საპენსიო რეზერვების, ისე საინვესტიციო შემოსავლის მიხედვით პირველ ადგილზე „საქაერონავიგაციაა“. კომპანიის დაფუძნებულ საპენსიო ფონდში 30 სექტემბრის მდგომარეობით, 25,5 მილიონი ლარი ინახება. სქემის საინვესტიციო შემოსავალი კი 1,6 მლნ ლარს შეადგენს.

აღსანიშნია, რომ დღეს აღნიშნული კერძო საპენსიო სქემებზე საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება, თუმცა პარლამენტმა უკვე დაიწყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, რომელშიც მოქალაქეთა კერძო სქემებით დაინტერესების სტიმულირებისთვის საგადასახადო შეღავათებია გათვალისწინებული. გარკვეული ზღვრების ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება როგორც დამსაქმებლის შენატანი, ისე გატანის დროს არ დაიბეგრება დასაქმებულის მიერ დაზოგილი თანხები.

ახალი კანონი თავისუფლებას მისცემს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს, ისევე როგორც სადაზღვევო კომპანიებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი შექმნან.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები