მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კერძო სექტორი განახლებადი ენერგიებისთვის კანონმდებლობის დროულად შემუშავებას ითხოვს

5b96834ed16ce
დავით ჯალაღონია
10.09.18 20:30
978
საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბრამიშვილისთვის გასაკვირია, როგორ მოხვდა ენერგეტიკა იმ დარგების სათავეში, სადაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

„ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ დიდი მოცულობით მოხვდა ენერგეტიკა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გრაფებში. სავარადუოდ, შაჰდენიზის პროექტიდან გამომდინარე არის ეს, ვინაიდან ჰიდროენერგეტიკაში, რაც ჩვენი ენერგეტიკის ძირითადი სექტორია, სერიოზული ძვრებისა და ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე არაფერი გვსმენია“, - აღნიშნა აბრამიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას.

როგორც გიორგი აბრამშვილი განმარტავს, ახალი პროექტების დასაგეგმად საკანონმდებლო გარემოს სრულყოფაა საჭირო, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს, თუმცა როგორც კერძო სექტორმა გასულ კვირას შეიტყო, ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ, კანონქვემდებარე აქტების დასაწერად სამინისტროს დამატებით ორწლიანი ვადა აქვს.

„რეალურად, ჯამში გამოვა, რომ კიდევ ორწელიწადნახევარი სავარაუდოდ, არ გვექნება ის ხელშეწყობის ინსტრუმენტები, ანუ თამაშის წესები, რის მიხედვითაც შეგვეძლება ახალი პროექტების განხორციელება, რაც სერიოზული დარტყმა იქნება სექტორისთვის. სანამ ახალ პროექტებს მოვიძიებთ, ინვესტორებს მოვიზიდავთ და პროექტები სამშენებლო ეტაპზე გადავა, უხეშად რომ ავიღოთ, 8 წლის თავზე გვექნება პირველი გაშვებული ჰესი დღევანდელი დღიდან. შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების იმ კატასტროფული ზრდის პირობებში, რომელიც გვავქს, მგონია, რომ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში ვიქნებით“, - განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.

თავის მხრივ, განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ამ მოლოდინებს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა უპასუხა. იგი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მართალია, სამინისტროს კანონქვემდებარე აქტების შესამუშავებლად ორწლიანი ვადა აქვს, მაგრამ შესაძლებელია სამუშაო გაცილებით ადრე დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განახლებადი ენერგიების შესახებ კანონის მიღებას მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები