თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დღეს ამოქმედებული ცვლილებებს კერძო სექტორი არაერთგვაროვნად აფასებს. რესტორნების მეპატრონეები შიშობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ კლიენტთან შესაძლოა ურთიერთობა დაეძაბოთ. სიგარა ბარში კი, სადაც მომხმარებელი უმეტესად მოსაწევად დადის, ფიქრობენ, რომ რეგულაციები მათ არ ეხებათ.
„საინფორმაციო კამპანია უნდა ჩაეტარებინათ, რათა კანონის ამოქმედებამდე საზოგადოების ცნობერება ამაღლებულიყო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფთან რომ მივა მიმტანი ან დაცვის თანამშრომელი და სიგარეტის მოწევას აუკრძალავს, ამას შეიძლება კონფლიქტი მოჰყვეს. პატრულს გამოიძახებ და კლიენტი განაწყენდება. მეორეს მხრივ, თუ პატრულს არ დაურეკავ, შენ დაჯარიმდები. ორივე შემთხვევაში რისკის ქვეშ დგას რესტორანი“ - აცხადებს თბილისი ერთ-ერთი რესტორნების ქსელის მენეჯერი BM.GE-სთან საუბარში.
„თამბაქოს მოწევა არც ჩვენ გვსიამოვნებდა აქ, მაგრამ ეს კანონი ეხება თუ არა სიგარასაც, ახლა ვარკვევთ. ვცდილობთ ლიცენზირების პირობები გავიგოთ. ჩვენთან არავითარი კონსულტაცია არ გაუვლით“. - აცხადებენ „სიგარის სახლში“.

























