მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კერძო სექტორს სპორტის მიმართ ნდობა უბრუნდება და ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება"

58dbd675c62a3
BM.GE
29.03.17 19:44
1108
Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო 13 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, რასაც მისი ორგანიზატორები ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტოს უწოდებენ. საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე გადაცემაში ’’საქმიანი კურსი“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საუბრობს. 

-ბატონო ტარიელ, რატომ გადაწყდა ამ ღონისძიებების Check in Georgia-ს პროექტთან გაერთიანება? 

-უპირველესად, ყველა სპორტის მოყვარულს მივულოცო, ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებია. საქართველო სპორტის ისტორიაში ამ მასშტაბის და მოცულობის შეჯიბრებებს პირველად უმასპინძლებს. საქართველო ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს სპორტის რუკაზე, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს ერთი მხრივ, სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, ეს საერთაშორისო აღიარებაა საერთაშორისო ფედერაციების მხრიდან იმ რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა სპორტის განვითარებისა და სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით ახორციელებს. აქ უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება გარდა ჩვენი სამინისტროსა, ასევე სხვა სამინისტროებს, მათ შორის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, განათლების და სხვა სამინისტროებს. ჩემი აზრით, ეს ჩვენი სპორტსმენებისთვის კიდევ ერთი ახალი შანსი არის. ასევე უმნიშვნელოვანეს ფაქტორს მინდა ხაზი გავუსვა და მნიშვნელოვანია, რომ რეალურად ეს დასაწყისია იმ ძალიან კარგი პროექტებისა, რასაც რეგიონებში სპორტული ტურიზმის განვითარება ქვია. ჩვენ არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ და ის სპორტსმენები, რომლებიც ოფიციალურ შეჯიბრებებზე ჩამობრძანდებიან, შემდეგ სიამოვნებით ჩამოვლენ წვრთნებზეც. კონკრეტულად ეს ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკაში ათეულობით მილიონ ლარს შემოიტანს. რაც შეეხება Check in Georgia-სთან გაერთიანებას, ყველამ იცის, რომ ეს საკმაოდ წარმატებული პროექტია და რადგან სპორტსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით და ასევე ის გამოცდილება, რომელის ტურიზმის დეპარტამენტში დაგროვდა, ფრიად წაადგება ჩვენს სამინისტროსა და კონკრეტულ ფედერაციებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთო საქმეს ვაკეთებთ ქვეყნის გასავითარებლად და შესაბამისად, მთავრობის სტრუქტურების კოორდინაცია ხარჯების დაზოგვასაც გამოიწვევს. იმ კომპეტენციას, რაც უკვე ამა თუ იმ ორგანიზაციაში დაგროვდა ერთად წარმოვადგენთ და ერთად შევძლებთ, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ. მისასალმებელია, როდესაც სამინისტროები და უწყებები ცოდნას და უნარებს ერთმანეთს უზიარებენ. მითუმეტეს ამ შემთხვევაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება არა მარტო ამ ღონისძიებების გამართვის კუთხით, არამედ თუნდაც იმ პროექტებით, რომელიც ჩვენ მთის კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად დავიწყეთ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ტურნირი მთელი წლის მანძილზე იმართება და მაგალითად, ისეთ პერიოდში, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა იმ დროსაც იმართება ერთობლივი წვრთნები და შეჯიბრებები. ეს კი ადგილობრივ სასტუმროებს დატვირთვის საშუალებას მისცემს და ამით ეკონომიკური სარგებელიც მეტი გვექნება და ტურისტული სეზონი გახანგრძლივდება. ამიტომაც აუცილებელია, რომ ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მსგავსი პროექტები ვაკეთოთ. 

-მიმდინარე წელს გასამართ შეჯიბრებებს, რა თქმა უნდა, საკუთარი ბიუჯეტი აქვს. რა არის ეს ბიუჯეტი, როგორია ბიზნესის ჩართულობა? 

-ეს არის აღიარება და ნდობა საერთაშორისო ფედერაციების მხრიდან და ასევე დიდი აღიარება არსებობს კერძო სექტორის მხრიდან. ფაქტიურად თვე არ გავა, რომ ჩვენ ამა თუ იმ ფედერაციის ახალი სპონსორები და კომპანიები არ დავაანონსოთ. ეს კი ნიშნავს, რომ კერძო სექტორს სპორტის, მენეჯმენტის მიმართ ნდობა უბრუნდება და რა თქმა უნდა, ამ შეჯიბრებებზე კერძო სექტორიც იქნება წარმოდგენილი კონკრეტული ფედერაციების სპონსორების სახით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვგეგმავთ, რომ საპატიო სტუმრის სტატუსით არა ერთ ქართველ და უცხოელ ბიზნესმენს მოვიწვევთ. ისინი ყველა პროექტს გაეცნობიან, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ჩვენ ყველა წინაპირობას შევუქმნით, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ. 

-რომელ ქართველ კომპანიებს გამოყოფდით, რომლებიც შედარებით აქტიურობენ და უცხოურ ორგანიზაციებსაც, რომლებსაც ინტერესი აქვთ ამ საერთაშორისო შეჯიბრებების მიმართ? 

-არ მინდა ვინმემ მიწყინოს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სპორტის სხვადასხვ სახეობებში საკმაოდ წარმატებულად არიან ჩართული. რომელიმე მათგანი რომ არ გამომრჩეს ამიტომ არ დავკონკრეტდები, ვინმემ არ იფიქროს, რომ კონკრეტიკას გავურბივარ. გეტყვით, რომ ათეულობით კომპანიაა ჩვენს ღონისძიებებში ჩართული. მათ შორის, არის ბანკები და ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ფართო საზოგადოება მათ შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გაიგებს. 

-აღნიშნული 13 ღონისძიების მთლიანი ბიუჯეტი თუ არის დათვლილი და რამდენი ქვეყნიდან ველოდებით სტუმრებს? 

-ჩვენ კერძო სექტორთან, სპონსორებთან მუშაობის რეჟიმში ვართ. ამ ღონისძიებებს ერთად 1 მილიარდიანი აუდიტორია ეყოლება. 12 ათასზე მეტი სტუმარი გვეწვევა და დაახლოებით ყველაზე მცირე გათვლებით 30 მილიონზე მეტი შემოვა ვიზიტორებისგან. სახელმწიფო კი საორგანიზაციო საკითხებზე დაახლოებით 9 მილიონ ლარს ხარჯავს. ამ შეჯიბრებებით ბევრი გულშემატკივარი ისიამოვნებს. ჩვენ გვინდა, რომ ბიუჯეტში სპორტი იყოს ერთ-ერთი კონტრიბუტორი და არ იყოს მხოლოდ ბიუჯეტის სახსრებზე ჩამოკიდებული. ასეთი შეჯიბრებები და სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს სწორი ფორმულით ვიმუშაოთ და აქ უმნიშვნელოვანესია ფედერაციის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის გამართული მუშაობა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები