გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, სამინისტრო სამრეწველო ქალაქებისთვის სამოქმედო პროგრამებზე მუშაობას ასრულებს. როგორც თანდილაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, პროგრამა კერძო სექტროს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, ახალ რეკომენდაციებს მისცემს.
„თბილისის გარდა, ჰაერის დაბინძურების მხრივ პრობლემებია ბათუმში, ჭიათურაში, ზესტაფონში. ამ ეტაპზე ამ ქალაქებში პროგრამები არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ამ მუნიციპალიტეტებისთვის პროგრამების შემუშავებაზე ვმუშაობთ. სადაც სამრეწველო საქმიანობებია, იქ სხვა ღონისძიებებია გასატარებელი. კერძო სეტქორს უნდა მიეცეს რეკომენდაციები, მათ თანამედროვე დანადგარებით უნდა წარმართონ საქმიანობა იმისათვის, რომ შემცირდეს გარემოზე მავნე ზემოქმედება. ამ პროგრამებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს სულ მალე გავხდით.
აქვე გეტყვით, რომ წელს ვამატებთ ავტომატურ სადგურს რუსთავში, ასევე ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას თბილისშიც. ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა მონიტორინგის გარეშე სწორი ღონისძიებების დაგეგვა შეუძლებელია. პრემიერის მხრიდან დაანონსდა რომ იქნება ახალი ინიციატივები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ეს ინიციატივები უპასუხებს იმ პრობლემებს, რაც გვაქვს.“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

























