მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამის შესახებ "საქმის კურსის“ ეთერში საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის, ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბოხაშვილმა განაცხადა.
"მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობის რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობისთვის მიწის რეგისტრაცია უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ 496 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი, რაც ჯამში 215 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს. ეს კერძო სექრტორის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების თითქმის ნახევარია" - განაცხადა ბოხაშვილმა.
მისივე განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთების შემთხვევაში მუშაობს სანოტარო მედიაცია არის მექანიზმი, რომელიც დავების მშვიდობიანი მოგვარებისკენ არის მიმართული. დღეის მდგომარეობით 1100-ზე მეტი სანოტარო მედიაცია მოდავე მხარეების მორიგებით დასრულდა.

























