კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ვარაუდობს, რომ „ოქროს სიის“ წევრი კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმების საკითხი 2020 წლამდე გადაიწევს.
როგორც მან „Forbes კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ამ საკითხზე მომდევნო კვირის განმავლობაში, ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრები იგეგმება.
„ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და პრესაში გავრცელდა. ამ საკითხზე წინასაწარი კონსულტაციები არც ჩვენთან და არცერთი ბიზნეს ასოციაციის ფარგლებში ყოფილა, მათ შორის არც ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში, რომელიც პრემიერ–მინისტრის მაღალი რანგის სათათბირო ორგანოა. ამ ტიპის საკითხები იქ განსახილველად არის გასატანი. ჩვენთვის ეს მართლა სიურპრიზი იყო.
აქ თემა ის კი არ არის, „ოქროს სია“ იარსებებს, თუ – არა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთელ ამ პროცესს, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებას ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და თითქმის შეთანხმება უკვე არის ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, რომ ამ ტიპის საკითხები მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციების გზით უნდა მოგვარდეს.
რაც ყველაზე მეტად გვიშლის ხელს, არის ის, რომ რაღაც პერიოდია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ბიუჯეტი დავაკორექტიროთ. საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის 25 დღით ადრე გადახდაზე, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ყოველდღიურად, თეთრებში გვაქვს გაწერილი. ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად იქნას მიღებული.
ჩემი პირადი, ძალიან გონივრული მოლოდინია, რომ ეს ყველაფერი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს. წლის შუა პერიოდში არავინ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შენ ნაღდი ფულის მოძრაობას გიცვლის“, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს.
კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

























