Galt&Taggart-ის პროგნოზით, საქართველოში დემოგრაფიული ტენდენციებიდან გამომდინარე, მოსწავლეთა საერთო რაოდენობის შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა, კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა გაიზრდება. კერძოდ, როგორც Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2028/29 სასწავლო წლისთვის მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდება 634 300-დან 618 000-მდე. ამის პარალელურად კი, კერძო სკოლებში გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა 66 500-დან 73 100-მდე მომდევნო ოთხ წელიწადში.
გარდა ამისა, Galt&Taggart-ის პროგნოზით, თბილისში კერძო სკოლები უფრო მეტად ცენტრალური ადგილებიდან გარეუბნებისკენ გადაინაცვლებენ შეზღუდული ურბანული სივრცეების გამო და ასევე იმის გამოც, რომ იმ მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, რომლებიც ქალაქის შემოგარენში გადადიან საცხოვრებლად.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, საქართველოს აქვს პოტენციალი გაზარდოს უცხოელი სტუდენტების რაოდენობა. „საქართველოს შეუძლია უმასპინძლოს 48 000 უცხოელ სტუდენტს 2028 წლისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკას 420-500 მლნ დოლარის შემოსავალს მოუტანს“, - წერია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
კვლევის თანახმად, საქართველოს აქვს უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდის პოტენციალი, ვინაიდან აქ სწავლა შედარებით ხელმისაწვდომია, საჰაერო მიმოსვლა ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან გაუმჯობესებულია და ინდოელი სტუდენტების პერსპექტივების პოზიტიური ზრდა ფიქსირდება გლობალურად. ასევე, Galt&Taggart-ის მიხედვით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობას გაზრდის 2025 წლიდან 3-წლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების ამოქმედებაც.