მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კერკი“ 2022 წლიდან პროდუქტის ექსპორტზე გატანას გეგმავს - კომპანია GGM

607d9ca781223
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.21 22:22
1385
ხილის გადამამუშავებელი საწარმო „კერკი“, რომელიც ბაზარზე 2021 წლის შემოდგომიდან გამოჩნდება, 2022 წლიდან პროდუქტის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

„ვფიქრობთ, 2022 წლის შემოდგომიდან არაუმეტეს 5-7 დასახელების პროდუქტით, არანაკლებ სამ ქვეყანაში ვიქნებით წარმოდგენილი“, - აცხადებს BM.GE-სთან საუბრისას საწარმოს მმართველი კომპანია GGM-ის ხელმძღვანელი გენო გელაძე.

„კერკის“ ბრენდის ქვეშ კომპანია მიმდინარე წელს არანაკლებ 180 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს, რის შედეგადაც საშუალოდ 22 ტონა მზა პროდუქტს მიიღებს, ხოლო წარმადობა 2022 წლიდან მინიმუმ 300 ტონამდე გაიზრდება. შედეგად „კერკის“ ბრენდის ქვეშ როგორც ადგილობრივ, ხოლო შემდგომ საექსპორტო ბაზარზე ჩირი, ტყლაპი, ცუკატები, ჩურჩხელა და დაფასოებული თხილეული გაიყიდება. GGM-ის მმართველი საექსპორტო ქვეყნებს ამ ეტაპზე არ აზუსტებს და ამბობს:

„მშრალი ხილის საწარმოს პროდუქციის გაყიდვების, არანაკლებ, 60% საექსპორტოდ გვაქვს დაგეგმილი. სწორედ ამ გათვლებით ვგეგმავთ ხარისხის სტანდარტების დანერგვას. საექსპორტო ბაზრებზე ჯერ არ ვართ მზად სასაუბროდ, რადგან მხოლოდ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ და ამავდროულად მიმდინარე წლის შემოდგომაზე, საწარმოო პროცესის დაწყების შემდეგ ნედლეულის რაოდენობიდან, მომგებიანობიდან და წარმოების პროცესიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ რომელი პროდუქციით დავგეგმავთ ექსპორტს. ბუნებრივია, ჩვენი ყველა პროდუქტი არ არის საექსპორტო პოტენციალის მქონე“, - აღნიშნავს გენო გელაძე.

შეგახსენებთ, კომპანია GGM-მა, რომელიც ძირითადად სხვადასხვა სექტორში პროექტების მართვას ახორციელებს, სოფლის მეურნეობაში ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ძენწმანში 700 000 დოლარის ღირებულების პროექტისა და საწარმოს მშენებლობა 2020 წლის აგვისტოს დაიწყო და წარმოება სატესტო რეჟიმში მარტის ბოლოს აამოქმედა. სრული დატვირთვით ხილის გადამამუშავებელი საწარმო აგვისტოდან დაიწყებს მუშაობას და ჯამში 35 სამუშაო ადგილს შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები