„კერკი“მშრალი ხილის ქართული ბრენდია, რომელიც უკვე ორი წელია სავაჭრო ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელს ჩირს, ჩურჩხელას, ტყლაპს, ცუკატსა და თხილეულს სთავაზობს.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში წარმატებული ექსპორტის შემდეგ, კომპანია “კერკი” ამერიკული ბაზრის ათვისებასაც გეგმავს. კომპანიის ბოლო სიახლეებზე BMG-თან „კერკის“ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა, ნინო რესულიძემ ისაუბრა.
“ადგილობრივ ბაზარზე მყარი პოზიციის გარდა, ჩვენი მთავარი მიზანია ექსპორტზე გასვლაც, ამიტომ თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, “კერკი” უკვე გასცდა საზღვრებს და ქართული პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა, პირველ ეტაპზე, გათვლა გავაკეთეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. საექსპორტო პროდუქციის ძირითადი სახეობებიდან ხურმის ჩირი, მანდარინის ჩირი და ტყლაპი შევარჩიეთ. ბოლო სიახლეს რაც შეეხება, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს ამერიკულ მხარესთან, რადგან გვსურს, “კერკი” ამერიკულ ბაზარზეც ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და საწარმო უკვე ფლობს FDA სერტიფიკატს, რომლის გარეშეც ამერიკულ ბაზარზე იმპორტს ვერ მოახდენს. ამიტომ, ჩვენ უკვე გვაქვს ყველა შესაძლებლობა, ქართული ბრენდი შტატების ბაზარსაც გავაცნოთ. სულ რამდენიმე კვირაა დავბრუნდით Fancy Food-ის გამოფენიდან, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა და საკმაოდ მასშტაბური იყო, ვაგრძელებთ მათთან მოლაპარაკებებს”, - აღნიშნა ნინო რესულიძემ.
„კერკის“ საწარმო 2021 წელს ამოქმედდა და ის ქედაში, სოფელ ძენწმანში, მდებარეობს. კომპანიაში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. “კერკის“ პროდუქციის შეძენა „გუდვილში“, „ევროპროდუქტში“, „ვეიმარტსა“ და „სმარტშია“ შესაძლებელი.