მშრალი ხილის ადგილობრივი მწარმოებელი „კერკი“ ქსელურ მარკეტებთან „კერძო ეტიკეტირების“ კუთხით თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან „ფასების საპარლამენტო კომისიის“ მიერ რეკომენდებული „კერძო ეტიკეტის განვითარების“ კუთხით აღმსრულებლები იყვნენ, მაგრამ „სუპერმარკეტების და აფთიაქების მენეჯმენტთან ამ საკითხზე მოლაპარაკება ძალიან გვიჭირს“.
ცნობისთვის, კერძო ეტიკეტირება არის პრაქტიკა, როდესაც ქართული საწარმო პროდუქტს სუპერმარკეტის, ან/და აფთიაქის ბრენდით/შეფუთვით ამზადებს.
„კერკის“ მენეჯმენტში მიაჩნიათ, რომ სურსათზე ფასების გაიაფება და ხარისხის ზრდა, ადგილობრივი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი და განმარტავენ, რომ საქართველოში ,,კერძო ეტიკეტის’’ განვითარება საკვები პროდუქტების ფასებზე და ხარისხზე დადებითად იმოქმედებს, რაც მათივე შეფასებით, საპარლამენტო კომისიის სწორი და გააზრებული რეკომენდაციაა. „კერკის“ მმართველი პარტნიორი გენო გელაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ამ მოდელით ძალიან ბევრი ხარჯი შემცირდება, რაც პროდუქტის გაიაფებას გამოიწვევს, ხოლო ხარისხი ბევრად გაიზრდება.
„კერძო ეტიკეტირების საკითხი ბოლო პერიოდში, ფასების კომისიის მუშაობის ფონზე გააქტიურდა. მანამდე მარკეტებთან უბრალოდ სხვა კუთხით ვთანამშრომლობდით და მათთან მოლაპარაკების პროცესი ძალიან რთული იყო.
ვფიქრობთ, კერძო ეტიკეტირება პროდუქტის ფასებს მნიშვნელოვნად გააიაფებს და ამიტომ ქსელურ მარკეტებთან კომუნიკაცია ვცადეთ, თუმცა ძალიან გაგვიჭირდა. თითქოს არ სცალიათ, მათი ნაწილის პასუხი კი ის იყო, რომ იმპორტი ურჩევნიათ.
როცა ხვდები ადამიანებს, რომლებიც მექანიკურად გპასუხობენ, აზრი არ აქვს ამ თემის განხილვას. შესაბამისად, საჭიროა, ხელმძღვანელების და დამფუძნებლების დონეზე ამის გააზრება, რომ შეიძლება ძალიან ბევრი პროდუქტი არამხოლოდ ჩვენ, არამედ სხვებმაც ახალი მიდგომის თარგში ვაწარმოოთ.
ადგილობრივ წარმოებებთან ქსელური მარკეტების თანამშრომლობის პლუსი ის იქნება, რომ შუაში ბევრ ხარჯს ამოვაგდებთ - პროდუქტი ქსელური მარკეტის ხდება, შედეგად ეკონომია გაკეთდება მარკეტინგის, დისტრიბუციის, ქსელების მოსაკრებლების, წარმადობის ზრდის, ანუ მასშტაბის ეკონომიის ხარჯზე, რაც პროდუქტს გააიაფებს“, - განმარტავს გენო გელაძე, თუმცა რამდენით შეიძლება ამით პროდუქტის ფასის შემცირება ვერ აკონკრეტებს, რადგან მისი თქმით, ამის განხორციელების შესაძლებლობა ჯერჯერობით არც ერთ ქსელთან არ ჰქონიათ.
„სამწუხაროდ, ქსელების დიდი ნაწილი "მარტივ" ბიზნესს ირჩევს, იმპორტს აკეთებს და „ეზარება“ ქართულ წარმოებასთან თანამშრომლობა“, - აცხადებს გენო გელაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედ საწარმოებს ხარისხის ნაწილში სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად აკვირდებიან/ამოწმებენ, ხოლო იმპორტირებული პროდუქტების ხარისხის კონტროლი ბევრად რთულია.
„ჩვენ, კვების პროდუქტების საწარმო „კერკი“ მზად ვართ, ვიყოთ საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციის (კერძო ეტიკეტის განვითარება საქართველოში) აღმსრულებლები, მაგრამ ძალიან გვიჭირს სუპერმარკეტების და აფთიაქების მენეჯმენტთან ამ საკითხზე მოლაპარაკება.
მიმდინარე ეტაპზე ჩვენ (კერკი) მშრალ ხილს ვაწარმოებთ, თუმცა სუპერმარკეტების და აფთიაქების (აფთიაქებთან სნექების ნაწილში) ინტერესის შემთხვევაში, მზად ვართ ვიმუშაოთ იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქტების წარმოებაზე, რომლის მთავარი ნედლეულია: ხილი, ფქვილი, თხილეული.
ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის ყველასთან (შპს ,,კერკი’’ სუპერმარკეტის, სასტუმროს, ან/და აფთიაქის ბრენდით დაამზადებს პროდუქტებს)“, - ამბობს „კერკის“ მმართველი პარტნიორი და დასძენს, რომ საქართველოში ადგილობრივი საწარმოების განვითარების ხელშეწყობა მხოლოდ „მთავრობის ვალდებულება“ არ არის: „ეს ყველას საქმე და მიზანი უნდა გახდეს“.
ცნობისთვის, „ფასების საპარლამენტო კომისიის“ დასკვნის მიხედვით, ეფექტიანი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისა და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ. სწორედ ამ ნაწილში, გრძელვადიან პერიოდში კომპანიებისთვის კომისია გასცემს ლოგისტიკუტი ეფექტიანობის ზრდის, კერძო ეტიკეტის განვითარების რეკომენდაციას გასცემს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კერძო ეტიკეტის განვითარება ფასობრივ კონკურენციას ზრდის. ამის მაგალითად კი ნიდერლანდებია მოყვანილი, სადაც FMCG სექტორის კონკურენტუნარიანობა კერძო ეტიკეტის მიდგომას ეფუძნება.
„აღნიშნული მოდელი ჩამოყალიბდა გრძელვადიანი სტრუქტურული განვითარების პროცესში, სადაც საცალო ქსელებმა ეტაპობრივად განავითარეს საკუთარი ბრენდები, ადგილობრივ მწარმოებლებთან პარტნიორული წარმოება და ცენტრალიზებული ლოგისტიკური სისტემა. შედეგად, შეიქმნა უფრო ეფექტიანი ხარჯების სტრუქტურა, გაძლიერდა კონკურენცია და ჩამოყალიბდა ფასების მდგრადი შემცირების საფუძველი. მოდელი მოიცავს შემდეგ ძირითად ელემენტებს:
- საცალო ქსელების საკუთარი ბრენდების სისტემური განვითარება;
- ადგილობრივ მწარმოებლებთან კონტრაქტული ურთიერთობები;
- ცენტრალიზებული ლოგისტიკური ჰაბები;
- მარაგების ციფრული მართვის სისტემები.
მოდელი ხასიათდება ხარჯების სტრუქტურული შემცირებით და კონკურენტული ალტერნატივების განვითარებით, რაც შედეგობრივად გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს ბაზარზე ორიენტირებულ გრძელვადიან მოდელს, სადაც დაბალი ფასები უზრუნველყოფილია ხარჯთეფექტური მიწოდების ჯაჭვით, მასშტაბის ეკონომიით და ძლიერი კერძო ეტიკეტის (Private Label) სეგმენტით“ - წერია დოკუმენტში.
ამასთან, დასკვნის ავტორები აღნიშნავენ, რომ კერძო ეტიკეტის (Private Label) სისტემური განვითარება, ქმნის პირდაპირ კონკურენტულ ზეწოლას ბრენდირებულ პროდუქციაზე. „აღნიშნული მოდელი ეფუძნება უფრო მოკლე და ეფექტიან მიწოდების ჯაჭვს, შუალედური მარჟების შემცირებას და ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, რის შედეგადაც კერძო ეტიკეტის (Private Label) პროდუქცია საშუალოდ 20%-25%-ით უფრო იაფია. ამასთან, იგი ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას“, - ნათქვამია დასკვნაში.
მათივე ინფორმაციით, ევროპაში კერძო ეტიკეტის წილი საშუალოდ 40%–45%-ია, 38 ხოლო საქართველოში დაახლოებით 10%-ს შეადგენს39 რაც განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის. „ფასების კომისიის“ დასკვნაში წერია, რომ კერძო ეტიკეტის პროდუქციის წარმოებისთვის სახელმწიფო შეიძლება ადგილობრივი მწარმოებლების თანადაფინანსებაში ჩაერთოს.
„ასეთი სტიმულირების პირობებში, კერძო ეტიკეტის განვითარება ხდება არა მხოლოდ ფასის შემცირების ინსტრუმენტი, არამედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მექანიზმი. შედეგად, ეტაპობრივად მცირდება იმპორტზე დამოკიდებულება, იზრდება კონკურენცია ბაზარზე და ყალიბდება უფრო ხელმისაწვდომი ფასის სტრუქტურა მომხმარებლისთვის“, - წერია დასკვნაში.




























