სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა. ISET-ის კვლევით ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა დაიწყო.
2024 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.48 ლარი შეადგინა. აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში ხაჭაპურის ინდექსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა - ინდექსი სექტემბერში, ივლისთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ISET-ის განმარტებით, ეს ზრდა მეტწილად ყველის გაძვირებამ გამოიწვია, რომლის ფასიც ბოლო სამი თვის (ივლის-სექტემბერი) განმავლობაში 22%-ით გაიზარდა.
აღნიშნული სეზონური ცვლილებების გარდა, 2024 წლის სექტემბერში ხაჭაპურის საშუალო ფასი 10.3%-ით აღემატებოდა 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს. ISET-ის მიერ ფასების სიღრმისეული შეფასება აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე: საფუარი (21.7%), რძე (17.6%), კარაქი (12.1%), ყველი (10.8%), ფქვილი (4.4%), კვერცხი (1.1%).
სექტემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.04 ლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით აღემატება ქვეყნის საერთო მაჩვენებელს. თბილისისგან განსხვავებით, ხაჭაპური ყველაზე ხელმისაწვდომი ბათუმშია, სადაც ერთი ხაჭაპური 6.18 ლარი ღირს.
თბილისსა და ბათუმს შორის სხვაობამ 0.86 ლარი შეადგინა. ISET-ის განმარტებით, ფასების ასეთი სხვაობა შეიძლება სეზონური ტურისტული აქტივობით აიხსნას, რამდენადაც სექტემბერში ბათუმი და ზღვისპირა დასახლებები ნაკლებად მიმზიდველი ხდება, შესაბამისად, მოთხოვნა თბილისთან შედარებით ეცემა.