მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაჭაპურის მომზადება ისევ გაძვირდა

ხაჭაპური

2024 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაიზარდა - ინდექსს ტრადიციულად ISET-ი აქვეყნებს.

იანვრის ინდექსი 2%-ით აღემატება 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში კი, 2023 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსის ღირებულება 4.6%-ით არის შემცირებული.

ფასები ქალაქების მიხედვით ასეთია 6.40 (ბათუმი) და 7.11 (თბილისი) ლარს შორის მერყეობს, საშუალო ღირებულებამ კი 6.62 ლარი შეადგინა.

ანალიზი აჩვენებს, რომ წლიურად ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიენტის ფასი გაიზარდა: საფუარი (+13.6%), რძე (+11.6%), კარაქი (+10.4%), კვერცხი (+3.7%). გამონაკლისს წარმოადგენს ყველი (-9.5%) და ფქვილი (-5.1%), რომელთა ფასები წლიურ ჭრილში შემცირდა.

წლის ამ პერიოდში ფასები ტრადიციულად იზრდება, რადგან ადგილობრივი რძის წარმოება მცირდება, რის გამოც რძის ფხვნილის, რძის ნაღებისა და სხვა რძის პროდუქტების იმპორტი იზრდება. ამ ტენდენციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თვიურ ჭრილში ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიენტის ფასი გაიზარდა, გარდა კარაქისა (-0.2%) და ფქვილისა (-0.8%).

გასულ წელთან შედარებით ყველის ფასების ვარდნა შეიძლება იმით აიხსნას, რომ წინა პერიოდში ყველის ფასები მკვეთრად იყო გაზრდილი. კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება რძის წარმოების ზრდა იყოს, რასაც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს (2023 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში რძის წარმოება 3%-ით გაიზარდა 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით).

რაც შეეხება წლიურ ჭრილში ფქვილის ფასების შემცირებას, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტის პიკიდან მოყოლებული ხორბლის მსოფლიო ფასების შემცირება განაპირობებს ფქვილის ფასების კლებას საქართველოშიც. ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო ფასების ცვლილების ასახვას გარკვეული დრო სჭირდება, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბაზარზე კლების ტენდენციის გაგრძელება გამოიწვევს უახლოესი თვეების განმავლობაში ფქვილის ფასების კლებას საქართველოშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები