"ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მორალურად მძიმეა; არავის მოგვწონს ის, რაც ხდება… პოლიტიკოსი არ ვარ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და არასოდეს მქონია სურვილი ჩავრეულიყავი", - განაცხადა Check in Travel-ის დამფუძნებელმა, ია გედევანიშვილმა.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტორისთვის პრეზენტაციას მართავს "ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები". სწორედ ამ ღონისძიებაზე მიეცა bm.ge-ის შესაძლებლობა სექტორის წარმომადგენლებისთვის კითხვები დაესვა.
გედევანიშვილი ამბობს, რომ მათთვის მთავარი პრობლემა გამყვანი ტურების გაყიდვაა.
"გასული 2024 წელი ჩვენთვის ძალიან კარგი იყო. ისევე, როგორც 2023 და ყველა წელი. ჩვენი კომპანიის ტენდენციაა, რომ ყოველ წელს ვვითარდებით. გასულ წელს აზიიდან 8 000 ტურისტი შემოვიყვანეთ და წელსაც დიდი იმედით ვართ. კონტრაქტები გაფორმებულია, ჯავშნები გაკეთებული. ახლა ველოდებით დამტკიცებულ ფრენებს.
როგორც სხვა ყველა, პრობლემები არის ჩვენს სფეროშიც. ჩვენ არა მარტო შემომყვანი, გამყვანი კომპანიაც ვართ. ხალხს უჭირს ტურების ყიდვა, გაჩერებულია გაყიდვები და ამ კუთხით რეალურად მძიმე სიტუაციაა. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, მალე გამოსწორდება. შემცირებულია ნაკადი, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობს. ეშინია ხალხს ხვალ და ზეგ რა მოხდება. როცა ქვეყანაში არ არის სტაბილურობა, იქ ტურიზმსაც უჭირს მუშაობა.
ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ სტაბილური ფონი შეიქმნას. პოლიტიკოსი არ ვარ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და არასოდეს მქონია სურვილი ჩავრეულიყავი", - განაცხადა გედევანიშვილმა.
bm.ge-ის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა ხდება ქვეყანაში და ერკვევა თუ ვერა მიმდინარე მოვლენებში, გედევანიშვილი პასუხობს:
"ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მორალურად მძიმეა, არავის მოგვწონს ის, რაც ხდება. სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს", - ამბობს Check in Travel-ის დამფუძნებელი. მისი თქმით, დღეს მათი სათქმელი და ხელისუფლების წინაშე დასაყენებელი პრობლემა აზიის ქვეყნების მიმართ ვიზების საკითხის გამარტივებაა და სწორედ ამაზე ისაუბრებს.