2005 წელს, როდესაც ქართულ დეველოპერულ ბაზარზე სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელობას ყურადღებას არავინ აქცევდა, პაატა ჭუმბურიძის ადამიანის სიცოცხლის დაცვის სურვილმა საფუძველი ჩაუყარა კომპანიას, რომელიც, უკვე 20 წელია, საქართველოს სახანძრო უსაფრთხოების გარანტია.
“ყველაფერი 20 წლის წინ დაიწყო. ვიდრე სახელმწიფო ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების საკითხს წამოჭრიდა, ამ მიმართულებით ფიქრი ჩვენ დავიწყეთ. გაჩნდა ცეცხლმაქრებზე ორიენტირებული კომპანია “ელპლუსი”. ეს მაშინ საზოგადოებისთვის ახალი ხილი იყო. კომპანიამ უამრავი გამოწვევა გაიარა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობიერების საკითხი იყო. მანამ, ვიდრე საზოგადოება, კერძო სექტორი და სახელმწიფო შეთანხმდებოდნენ, რომ სახანძრო უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, კომპანიის მთავარი ამოცანა ამ ყველაფრის ადამიანებამდე მიტანა იყო, რასაც წლები დასჭირდა”, - იხსენებს “ელპლუსის” დამფუძნებელი, პაატა ჭუმბურიძე.
კომპანიამ, რომელმაც 5-კაციანი გუნდითა და ამბიციური მიზნებით დაიწყო ოპერირება, დღეს 350-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, პორტფოლიოში შემავალი პროდუქტებისა და სერვისების რაოდენობა საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი ჩამონათვალი რამდენიმე ათეულს აღემატება.
““ელპლუსი” დამკვეთს ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებას სთავაზობს. მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა სირთულის შენობა-ნაგებობის დაპროექტებაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშენებლობის დაწყებამდე, მანამ, ვიდრე დამკვეთი კონკრეტულ საინჟინრო გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენი ტექნიკურ-საინჟინრო გუნდი, დამკვეთის არქიტექტურულ ჯგუფთან ერთად, ადგენს კონცეფციას და სახანძრო უსაფრთხოების პროექტებს. ეს უზრუნველყოფს, რომ მშენებლისთვის ფართის დანაკარგი იყოს მინიმალური. ჩვენ მიერვე სრულდება სრული საინჟინრო, იგივე MEP პროექტირება.
MEP პროექტირების შემდეგ ჩვენი გუნდი, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ასრულებს სახანძრო-საინჟინრო სისტემების სრულ საინსტალაციო სამუშაოებს, შემდეგ კი მათ ექსპლუატაციაში მიღებაზე ვართ ორიენტირებული. უზრუნველყოფთ სისტემების გამართული მუშაობის მონიტორინგსაც. რაც მთავარია, “ელპლუსის” მიერ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში მოდის სახელმწიფო რეგულაციებთან, პასუხისმგებლობას ვიღებთ საზედამხედველო უწყებებისთვის პროექტების ჩაბარებაზე”, - აღნიშნავს კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორი ვაკო საღირაშვილი.
“ელპლუსი” საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების პროდუქციის წარმოება დაიწყო. 2025 წელს კომპანიის წარმოება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და წარმადობას 5-ჯერ ზრდის.
“2021 წლიდან შევქმენით ქვეყანაში პირველი ქარხანა, სადაც ქართული სახანძრო ინვენტარი იწარმოება. ამავე საწარმოში მზადდება ცეცხლმაქრები, რკინის კარები, ცეცხლგამძლე კარი, სასაწყობე სტელაჟები და სხვა საჭირო პროდუქცია. ყველაფერი ეს ჩვენს ქარხანაში ევროპული ნორმების სრული დაცვით იქმნება. რამდენიმე თვეში მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებასაც დავიწყებთ. დასავლური სტანდარტების გათვალისწინებით აშენდება საწარმო, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე საწარმოო ხაზებით, რის საფუძველზეც ჩვენი წარმადობა მინიმუმ 5-ჯერ გაიზრდება”, - აღნიშნავს ვაკო საღირაშვილი.
“ელპლუსის” პორტფოლიოს მიეკუთვნება მასშტაბური პროექტები, რომლებიც არა მხოლოდ კერძო სექტორისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ - სახელმწიფოსთვის. პაატა ჭუმბურიძე სწორედ რამდენიმე ასეთ პროექტზე გვიყვება.
“დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ცნობილი პროექტი ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობაა, რომელშიც საინჟინრო დაგეგმარების ნაწილში ვართ ჩართული. ეს არა უბრალოდ დიდი პროექტი, არამედ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი წამოწყებაა. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა პარტნიორობა, რომელიც 2022 წლიდან დავიწყეთ კომპანია “რუსთავის აზოტთან”. კომპანიას საინჟინრო პროექტებს ვუმზადებთ, შემდეგ კი საინსტალაციო სამუშაოებსა და რეგულაციების დაცვით მათ ექსპლუატაციაში მიღებაზე ვმუშაობთ”, - განმარტავს პაატა ჭუმბურიძე.
“ელპლუსის” საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება. მათ სახანძრო სისტემებსა და პროექტებს შეხვდებით საქართველოში ყველგან, სადაც ეკონომიკური აქტივობა მაღალია. თუმცა “ელპლუსი” მხოლოდ ამ რეგიონებით დაკმაყოფილებას არ აპირებს და, წარმოების ზრდასთან ერთად, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გადის.
“ჩვენი ბიზნესის გავრცელება ეკონომიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული, ვართ ყველგან, სადაც ყველაზე მეტად დუღს ეკონომიკა. ასეთია თბილისი, რეგიონებიდან აჭარა, კახეთი და ნელ-ნელა იმერეთიც შემოდის. ამასთან, მზაობას ვაცხადებთ ექსპორტისთვისაც. არის ამიერკავკასიაში რამდენიმე ქვეყანა, სადაც სახანძრო უსაფრთხოების სისტემები სიახლეა. ჩვენი საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ ბაზრების ათვისების საშუალებას მოგვცემს, სადაც შესაძლებლობა გვექნება, არა მხოლოდ სახანძრო პროდუქცია შევიტანოთ, არამედ სრული მომსახურებაც ,” - აღნიშნავს ბიზნესის განვითარების დირექტორი.
როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე, “ელპლუსის” 20-წლიან გამოცდილებას თან სდევს კომპეტენცია, რომელსაც საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს. კომპანიის პარტნიორებს შორის ვხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა Bosch, Inim Electronics, Securiton, Bristol, Viking, Treemec და ინდუსტრიის სხვა ლიდერები, რომელთა სახელებიც ხარისხის მარტივი სინონიმია.
20-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი, 350-ზე მეტი თანამშრომელი, 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი და 2000-ზე მეტი მომხმარებელი - ასეთია “ელპლუსის” 20-წლიანი ისტორია რიცხვებში. კომპანიის განვითარება აქ არ სრულდება. მუდმივი წინსვლისა და სფეროს უწყვეტი განვითარების სურვილით, “ელპლუსი” აგრძელებს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ხანძართან ბრძოლას.