საქართველოდან ჩინეთში თაფლის ექსპორტის დასაწყებად აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარემ, მიხეილ თეთრუაშვილმა განაცხადა, პროცესი რამდენიმე მნიშვნელოვან ტექნიკურ ეტაპს მოიცავს, მათ შორის საწარმოების რეგისტრაციასა და ჩინური მხარის მიერ მათ ადგილზე ინსპექტირებას.
მისი თქმით, მთავარი გამოწვევა პროცესში თაფლის მოცულობები იქნება, თუმცა მათი თქმით, ჩინური მხარე ქართული თაფლის შესყიდვით უკვე დაინტერესებულია.
“აუცილებელია, რომ საწარმო, ჩვენი ექსპორტიორი თაფლის მწარმოებელი ან გადამმუშავებელი საწარმო, დარეგისტრირდეს ჩინეთის საბაჟო პორტალზე და შემდგომ, ანუ რაღაც პროცედურებია გასავლელი, საექსპორტო ბაზარზე გასვლა. როგორც გვაცნობეს სახელმწიფო უწყებებმა და ეს დაგზავნილია მეწარმეებთან, რომ ჩინეთის საბაჟო მიმართულების წარმომადგენელი აპირებს საქართველოში ვიზიტს და საწარმოების შემოწმებას. ამის შემდგომ მოხდება შერჩევა, ვინ არის მზად ექსპორტისთვის.
ზოგადად ჩინეთის ბაზრის ბაზარზე გასვლა საკმაოდ კარგი რამ არის ნებისმიერი მეწარმისთვის. მეფუტკრეების ხედვა ისეთია, რომ მაღალი სეგმენტით, ანუ მაღალი ხარისხის თაფლით შევიდეთ ამ ბაზარზე.
ალბათ ზოგს გაუკვირდება რად უნდათ ჩინეთს თაფლი, როცა ჩინეთის თაფლმა წალეკა ევროკავშირის ბაზარიც კი, თუმცა ისინი ძირითადად დაბალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ და ხშირად ფალსიფიკაციაც თაფლის.
ჩინეთის ბაზრის შესწავლამ დაგვანახვა რომ ჩინელი მომხმარებელი მოიხმარს 60% იმპორტირებულ თაფლს. ჩინეთში თაფლის იმპორტი ძირითადად ავსტრალიაზე, ზელანდიაზე და რუსეთის პროდუქციაზე მოდის. ანუ მაღალ ხარისხს ანიჭებს უპირატესობას ადგილობრივი მოსახლეობა. 60% ძალიან დიდი რიცხვია და საქართველოს მეფუტკრეობა ვერც დააკმაყოფილებს.
მათგან შემოთავაზებები უკვე წამოსულია, ისინი აქცენტს აკეთებენ ხარისხზე და არა რაოდენობებზე. ახლა უკვე ჯერი ჩვენზეა ჩვენი მეწარმეები რამდენს და რა ხარისხს შესთავაზებენ ამ ბაზარს,“- ამბობს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარე მიხეილ თეთრუაშვილი.




























