მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხარისხის მიხედვით, ყურძნის ფასთა სხვაობა მომავალ წელს კიდევ უფრო გამკაცრდება“ - ლევან მეხუზლა

ლევან მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მომავალი წლიდან ყურძნის ხარისხის მიხედვით შესასყიდი ფასის ფასთა სხვაობის გამკაცრებას აანონსებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის რეპუტაციის ზრდისთვის, ყურძენი, რომლითაც ღვინო მზადდება, მაღალი ხარისხის უნდა იყოს. მის კომენტარს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

„ხარისხთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სხვადასხვა ხარისხის ყურძენს აქვს თავისი ფასი. ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა მომავალ წელს შენარჩუნდება და კიდევ უფრო გამკაცრდება. კლიმატურმა პირობებმა კახეთში, კერძოდ უხვმა ნალექებმა, გარკვეული კორექტივები შეიტანა ყურძნის ხარისხთან მიმართებით და სახელმწიფოს მოუწია შედარებით ნაკლებხარისხიანი ყურძნის სასპირტედ გადამუშავებისთვის ჩაბარება. თუმცა ის ყურძენი, რომელიც კერძო სექტორმა მიიღო საღვინედ, არის ხარისხიანი“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ 2025 წლის რთველის შეჯამებისას და აღნიშნა: „ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და ქართული ღვინის რეპუტაციის გაზრდა საერთაშორისო დონეზე, რაც უპირობოდ ნიშნავს, რომ ყურძენი, რომლითაც ღვინო მზადდება, უნდა იყოს უკომპრომისოდ მაღალი ხარისხის“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც უკვე ნიშნავს, რომ 2025 წელს, ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა, რომელთა შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. აქედან უდიდესი წილი, 327 ათასამდე ტონა ყურძენი კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია. საქართველოს მასშტაბით ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია, გარდა ლეჩხუმის რეგიონისა, სადაც რთველი უახლოეს დღეებში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები