BBC-ის განცხადებით, "რთული მედიაგარემოს ფონზე", კომპანია მომდევნო ორ წელიწადში 2 000-მდე სამუშაო ადგილს შეამცირებს.
BBC-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რიდრი ტალფან დევისმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა: "მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სამუშაო ადგილების საერთო რაოდენობა 1 800-2 000-ით შემცირდება".
სააგენტო AFP-სთვის მიწოდებულ განცხადებაში გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გათავისუფლებები გამოწვეულია იმით, რომ BBC-ის მნიშვნელოვანი ფინანსური ზეწოლა აქვს, რაზეც სწრაფი რეაგირებაა საჭირო.
ორგანიზაციამ თავისი 5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის საოპერაციო ხარჯებიდან 500 მილიონი ფუნტი უნდა შეამციროს, ხოლო ამ დანაზოგის ძირითადი ნაწილი 2027 და 2028 წლებზე მოდის.
ITV News-ისა და The Press Association-ის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ეს მაუწყებლობის ისტორიაში, ბოლო 15 წლის განმავლობაში, გათავისუფლებების ყველაზე დიდი ტალღა იქნება.
სამუშაო ადგილების შემცირება ხდება იმ დროს, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაუწყებლის წინააღმდეგ, ცილისწამებისთვის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც აშშ-ის კაპიტოლიუმზე შტურმის წინ, 2021 წელს წარმოთქმული მისი სიტყვა ისე იყო დამონტაჟებული, თითქოს ის მხარდამჭერებს კონგრესის შენობაზე თავდასხმისკენ პირდაპირ მოუწოდებდა.
მომავალ თვეში BBC-ის ახალი გენერალური დირექტორი, Google-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი მეთ ბრიტინი ჩაიბარებს.
BBC საზოგადოების მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებლით ფინანსდება. კომპანიის მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოს ზრდასრული მოსახლეობის 94% მათ სერვისებს ყოველთვიურად იყენებს.
მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში BBC-მ აღნიშნა, რომ 2017 წლიდან სალიცენზიო მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი რეალურ მაჩვენებლებში (ინფლაციის გათვალისწინებით) 24%-ით შემცირდა.
"სალიცენზიო მოსაკრებლის შემცირებისა და სხვა გამოწვევების გამო, 2029 წლის მარტამდე ჩვენი მთლიანი ხარჯები დამატებით 10%-ით უნდა შევამციროთ," - ნათქვამია ანგარიშში და გაფრთხილება კეთდება, რომ "რთული გადაწყვეტილებების მიღებამ შესაძლოა კონტენტისა და სერვისების შეკვეცა მოითხოვოს".




























