თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამით მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.
6 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ოპოზიციის რვა ლიდერის წინააღმდეგ, მათ შორის არიან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ [გირჩი] ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
ბრალდებები მოიცავს შემდეგ მუხლებს: საბოტაჟი, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.
"ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




























