მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

წერეთელი-ხაზარაძე

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ინფორმაცია bm.ge-ის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ დაუდასტურა. 

"ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სამართალწარმოება საქართველოში  დასრულდა. დამთავრდა ისე, რომ ფულის გათეთრების ბრალდება, რომლითაც დაიწყო საქმე, ამაში გამართლებულია სამივე, ასევე არც ერთს ნასამართლობა არ აქვს ამ განაჩენით. ერთადერთი ბრალდება, რაც დარჩენილი იყო, თაღლითობის ხანდაზმული მუხლი, ასევე ნასამართლეობის გარეშე, დატოვა სასამართლომ ძალაში, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში. მოსალოდნელიც იყო, რომ არ მიიღებდა უზენაესი სასამართლო ამ საქმეს", - ამბობს ზვიად კორძაძე BMG-სთან.

ცნობისთვის, გასული წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები