მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცველი ვრჩებით - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი
08.08.24 20:33
597

ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს - მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებას.

პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცვლელი ვრჩებით.

„ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. იმ დროს, როცა ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ ნიშნულზეა ჩასული, როცა ასი ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს. მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცვლელი ვრჩებით მოსალოდნელი პანდემიების წინაშე.

აქ მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი, არამედ რეპუტაციულ ზიანზე, ათწლეულობით შექმნილი პროფესიული კავშირების გაწყვეტაზე და ორ ქვეყანას შორის გამყარებულ ნდობასა და თანაშრომლობის ზურგის შექცევაზე.

თან შეურაცხყოფასაც არ ვაკლებთ მეგობარს, პარტნიორს, რომელიც ყველაზე ბნელ დროს გვაწვდიდა უფასო მედიკამენტებს, აცრებს, აპარატურას და რომლის დახმარებით ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაურჩა ც ჰეპატიტს, შიდს, ღორის გრიპს, კოვიდს…. აქ ასევე საუბარია ცოდნის გაცვლაზე, ტრენინგებზე რის გარეშეც ვერ გავზრდით ხვალინდელი დღის მაღალი დონის პროფესიონალებს. იზოლაცია მეცნიერების მტერია! რადგანც საფრთხეში აყენებენ საქართველოს მიერ მოპოვებულ აღიარებას - სანდო და თანასწორ პარტნიორობას.

მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს”, - წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის, კერძოდ, რამდენიმე მიმდინარე პროექტი შეჩერდა, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა,რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევითი პროექტები და CDC-ის დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა დაპაუზდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები