მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება, ფაქტობრივად, აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას - გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ფაქტობრივად კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს.

ასე ეხმაურება ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგში არ დააყენოს.

რას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია?

მუხლი #78 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

[ირაკლი] კობახიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.

როდესაც ხელისუფალი გადის საკანონმდებლო სივრციდან, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი - დააბრუნოს ხელისუფლება მინიჭებული მანდატის ფარგლებში და თუ ეს შეუძლებელია, ჩამოაშოროს ძალაუფლებას.

მე მინდა, ვუთხრა ყველა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, ელჩებს, ძალოვნებს, თუ ყველა საჯარო მოხელეს - მათი ლოიალობა ხელისუფლის ამ დირექტივის მიმართ, ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულში თანამონაწილეობას. დანაშაულში, საქართველოს მომავლის, მათი შვილების მომავლის წინაშე და ამ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არა აქვს“, - წერს გია ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის: გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ბოლო დარბევა, დაახლოებით, დილის 07:00 საათისკენ იყო. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები