დემოკრატიულ ან ტრანზიტული დემოკრატიის სახელმწიფოში, ხელისუფლება იქცევა იმ დონეზე თავხედურად, რა დონეზეც ხალხი უშვებს, - ამის შესახებ გადაცემა „წერტილში“ IDFI-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის გამოყენების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი დემოკრატიის ქვეყანაში ასეთი რაღაც არ მოხდებოდა ან თუ მოხდებოდა, ის მთავრობა გადადგებოდა. „პრემიერს არ აქვს უფლება ხალხის საკუთრება გამოიყენოს პირადი მიზნებისთვის. ეს დაუშვებელია, უკანონობაა და ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. მაგრამ ამ ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო მიტაცებულია, არავინ ერთმანეთის წინააღმდეგ არაფერს დაიწყებს. ამიტომ ამაზე უნდა იყოს საზოგადოების რეაგირება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ პრემიერს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად დააზიანებს და არჩევნებზეც გარკვეული დოზით იმოქმედებს.
„კარგად მახსოვს, როდესაც რევოლუციების კასკადი დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკაში, ტუნისში არეულობა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ პრეზიდენტის მეუღლე სახელმწიფო თვითმფრინავით იტალიაში ჩავიდა და იშოპინგა. ამას საზოგადოების სერიოზული მღელვარება მოჰყვა. მე არ მიკვირს, რომ ჩვენთან საზოგადოებაში ასეთი მღელვარება მოჰყვა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ კერძო საკითხებისთვის სახელმწიფო თვითმფრინავის გამოყენებას. ეს სერიოზული პრობლემაა, ეს არ არის ჩვეულებრივი საკითხი. ეს არაა საბჭოთა კავშირის პერიოდი, როდესაც მთავრობა იქცეოდა ისე, როგორც მათ სურდათ. მაშინ არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, ის იყო ერთი მონოლითური სახელმწიფო, სადაც პარტიის მესვეურები განკარგავდნენ ყველაფერს და ხალხი არაფერს წარმოადგენდა.
დღეს კი, როდესაც საზოგადოების მხრიდან იყო რეაგირება, შემდეგ განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ რომ პრემიერის მამამ ჩარიცხა თანხაო. ამაზე არავის რომ არაფერი ეთქვა, არც არავინ არაფერს ჩარიცხავდა და თვითმფრინავს ღარიბაშვილი ისე გამოიყენებდა, რომ ვერც ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. რა თანხა ჩარიცხა და რამდენად ლეგიტიმურია ის თანხა, რომელიც პრემიერის მამამ ჩარიცხა და რამდენად უნდა ჰქონოდა ამ ოდენობის თანხა, ეს კი მეორე საკითხია, მაგრამ საზოგადოების რეაგირებამ გამოიწვია ის, რომ მას მოუწია თანხის ჩარიცხვა“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე ირწმუნება, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ხარჯები გერმანიაში, მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა. საუბარია 34 ათას ევროს ეკვივალენტზე ლარში. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი კომერციული იყო და შესაბამისად, ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
9 სექტემბერს "ტვ პირველზე" ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრი აგვისტოში გერმანიაში ჩარტერული რეისით გაფრინდა, ხოლო იქიდან აშშ-ში გაფრინდა. პრემიერის უკან დაბრუნებას თვითმფრინავი მიუნხენში ელოდა და უკან მთავრობის მეთაური კვლავ ჩარტერული რეისით დაბრუნდა. სიუჟეტში „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაური გერმანიაში საქართველოს მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავით წავიდა. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის სტრატკომი ირწმუნებოდა, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში, თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.