მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება იტყუება, [გადაცდომებზე] არანაირი გამოძიება არ ტარდება - ირაკლი შაიშმელაშვილი

ირაკლი შაიშმელაშვილი

ხელისუფლება იტყუება, [გადაცდომებზე] არანაირი გამოძიება არ ტარდება,- ამის შესახებ ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყნიდან წასვლამდე ნოდარ მელაძეს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით საუბრობს.

შაიშმელაშვილის თქმით, ბოლო მოვლენები მისთვის იყო ე.წ. წყალგამყოფი და ამას ფიზიკურად, ემოციურად და მორალურად ვერ გავუძლო. მან ისაუბრა იმ ზეწოლასა და მუქარაზე, რაც გადადგომის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

"იყო პირდაპირი და ასევე ირიბი მუქარები. მემუქრებოდნენ შვილებზე. ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ეს წლები მჯეროდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც, შეიძლება, სამართალი ვერ ვიპოვო. ამ ინტერვიუს მერე ფრენა მაქვს და საერთოდ მივდივარ ქვეყნიდან", - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა და აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი გადაზღვევა იყო.

მისი თქმით, არიან აქციებზე 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან ნივთებს, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ.

აქციების დარბევებზე საუბრისას შაიშმელაშვილმა აღნიშნა, რომ დემონსტრანტების ცემა მიზანმიმართულია. მისივე ინფორმაციით, გადაცდომებზე არანაირი გამოძიება არ ტარდება.

"[გადაცდომებზე] არავინ არ იკითხება და პირობას გაძლევთ, ამ ხელისუფლების პირობებში, არც დაიკითხება. ვერ დააიდენტიფიცირებენ, არაა მათი სანომრე ნიშნები. ყველაზე მძიმე კიდევ და კანონთან შეუთავსებელი ისაა, რომ ახალი წესები დააწესეს, მთელმა შსს-მ მოირგო ნიღაბი, რაც არ შეიძლება. ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ ვერ მოხდეს დაიდენტიფიცირება და თუ ცალკეული ბრძანებები იქნება, მათი მოქმედების არეალი გაიზარდოს",- ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.

ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ შეიძლება პირდაპირ ივანიშვილისგან მოდიოდეს ბრძანებები.

"ივანიშვილი თავისთავად ხაზზეა მინისტრთან [ვახტანგ გომელაურთან]. არ გამოვრიცხავ, რომ [ივანიშვილი] ხაზზე იყოს სხვა დეპარტამენტის დირექტორებთან, მათ შორის ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან [ხარება]...",- თქვა შაიშმელაშვილმა.

მან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ბევრი პოლიციელი ემიჯნება ამ ყველაფერს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ რამე შეცვალონ.

"ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელია, ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ემიჯნებიან. უბრალოდ ვერაფერს ცვლიან, იმიტომ, რომ შს სამინისტროში ვერტიკალზეა, ანუ ცენტრალიზებული მართვის მოდელია",- ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი.

მისივე თქმით, გადადგომის შემდეგ აქციაზე ორჯერ თავადაც იყო გასული.

"აქციაზე დგანან ექიმები, პედაგოგები, ლექტორები, ხელოვანები. დღეს, საქართველოში აქციები იმართება მაღალი პასუხისმგებლობით. ევროპაში აქციები, რომ იმართება, ინგრევა ქალაქები, მაღაზიებს წვავენ, ვიტრინებს ანგრევენ. აქ ნაგვის ურნის დაწვის დრამატიზებას ახდენენ",- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა.

ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები