"ოცნების" მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, რომ რაჭის რეგიონი, შოვის სტიქიის შედეგებიდან მალე გამოვიდეს. ამის შესახებ მან რაჭაში ვიზიტისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამომავლო პროექტები დაიგეგმა.
"ბევრი სამუშაოა ჩატარებული, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღებისა თუ წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის მიმართულებით. პროექტები ამჟამადაც მიმდინარეობს. ყველას გვახსოვს ტრაგედია, რომელიც ორი წლის წინ შოვში დატრიალდა. ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, რომ რეგიონი მალე გამოვიდეს მისი შედეგებიდან, ასევე მოგვარდეს
ტურიზმთან დაკავშირებული პრობლემები. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დავგეგმეთ სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებებიც“ - განაცხადა მინისტრმა.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს. სამუშაოები მოიცავს – საგზაო, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 107-ე კმ-ზე, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. ამჟამად მიმდინარეობს საყრდენი კედლებისა და მიწის ვაკისის აღდგენის მესამე ეტაპი. პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში უკვე მოეწყო 474 მეტრიანი დამცავი კედელი.
ასევე, გრძელდება ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზების მიერთების გაუმჯობესების სამუშაოები სოფელ ზუდალთან, რაც ითვალისწინებს მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გლოლასთან, გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებულ მისასვლელ ხიდზეც, რომელიც შოვის სტიქიის შედეგად დაზიანდა. ხიდის განახლება 2.7 მილიონი ლარით ფინანსდება და 2025 წელს დასრულდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალო-ნიკორწმინდის გზაზე, შენდება 98 მეტრიანი ახალი რკინა-ბეტონის ხიდი. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა. უკვე დასრულებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ასკისწყალზე და სოფელ ჭრებალოში, სანაპიროს დამცავი კედლის მოწყობა.
"წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია მიმდინარეობს ონსა და ამბროლაურში. სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. იგეგმება სათავე ნაგებობების, ჭაბურღილების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების ქსელის განახლება, აგრეთვე საფილტრი სადგურის მშენებლობა სოფელ წმინდაურში და სოფელ ღარში. შედეგად, ონის 3 700 და ამბროლაურის 4 200-მდე ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება უეყვეტი წყალმომარაგებით", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ნიკორწმინდასა და ჭრებალოში მდებარე ბაღებში. სამუშაოები 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე ხორციელდება საინჟინრო, კედლების, სახურავისა და გარე პერიმეტრის სამუშაოები. რეაბილიტაციის საერთო ღირებულება 6.6 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.




























