მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება მართვადი სამოქალაქო სექტორის შექმნას ცდილობს - ნანუაშვილი NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

უჩა ნანუაშვილი

ხელისუფლება მართვადი, კონტროლირებადი სამოქალაქო სექტორის შექმნას ცდილობს - ასე აფასებს „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი NGO-ების ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად ახალი სსიპ-ის შექმნას.

როგორც უჩა ნანუაშვილმა BMG-ის განუცხადა, მსგავსი ფორმით არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსება იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით პროცესები გაუმჭვირვალე იქნება. შესაბამისად, მისი თქმით, რისკია, რომ მსგავსი ფორმით გრანტების გაცემა კორუფციის წყარო იქნება.

„ის, რომ სახელმწიფო სამოქალაქო სექტორს ხელს უნდა უწყობდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ცივილიზებული სამყარო სწორედ ასე მუშაობს. თუმცა, როდესაც ხელისუფლება უცხოური გავლენების შესახებ კანონს იღებს, უცხოეთის აგენტებად აცხადებს სამოქალაქო სექტორს, მედიას, ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას, ამ ფონზე, ასეთი სააგენტოს შექმნა ჩვენთვის პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს, მართვადი სამოქალაქო სექტორი შექმნას. ანუ იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომელიც ხელისუფლებას არ გაუწევს კონტროლს, იმ დარღვევებზე დახუჭავს თვალს, რომელიც ქვეყანაშია და ეს ემსახურება ერთგვარ კონტროლირებადი, მართვადი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ქვეყანაში.

რისკი ძალიან ბევრია, უცნობია, როგორ მოხდება ამ სააგენტოს მართვა. თუკი ეს ხელისუფლების ნაწილი იქნება, რეალურად ეს პოლიტიკური დაფინანსება იქნება, არანაირი გარანტია, რომ ამ სააგენტოს მართვაში დამოუკიდებელი პირები იქნებიან ჩართულები და ეს ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოების წინაშე, ნამდვილად არ არსებობს. ასევე, რისკია რომ ეს თანხები ერთგვარი კორუფციის წყარო იქნება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რეალურად ხელს არ შეუწყობს დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებას. საფუძველშივე არასწორია, თუკი [სააგენტო] დამოუკიდებელი ორგანო არ იქნება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობა ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ქმნის. სსიპ-ის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა "საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები