მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელისუფლება ტყუის, როცა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით - "ლელოს" განცხადება

ლელო

"ხელისუფლება ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით", - ასე ეხმაურება "ლელო" იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

სინამდვილეში, საქმე ეხება ანაკლიის პორტის პროექტში, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორის ბობ მეიერის ცალკე საარბიტრაჟო სარჩელს - საქმეზე „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“ (ICSID-ის საქმე # ARB/20/28), რაზედაც საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრმა (ICSID) ჰოლანდიელი ინვესტორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

BMG "ლელოს" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ხელისუფლება ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით.

ეს იყო, ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი, რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას.

დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს...", - წერს "ლელო".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები