თბილისში ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Hippie მომავალი წლიდან მაღაზიის გახსნას გეგმავს, თუმცა დეტალებს ჯერ ვერ ასახელებს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ლალი თვალიაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ბრენდი პანდემიამდე აღმაშენებელზე მაღაზიას ფლობდა, თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ, მისი დახურვა მოუწიათ. ახლა კი, გეგმაშია კვლავ ფიზიკურ მისამართზეც ხელმისაწვდომები გახდნენ და მომხმარებლებს ადგილზე შეძენის შესაძლებლობა მისცენ.
„პანდემიის შემდეგ, ონლაინ რეჟიმში მოგვიწია გადასვლა, მაგრამ გამოფენებზე სულ ვართ. ყოველ შაბათ-კვირას გამართულ გამოფენებზე ჩვენი პროდუქციის შეძენა ფიზიკურადაა შესაძლებელი.
მომავალი წლისთვის, კვლავ მაღაზიის გახსნა გადავწყვიტეთ, თუმცა ესეც გამოწვევასთან არის დაკავშირებული, რადგან სტაბილური გაყიდვები აღარ არის, რაც გარკვეული გამოწვევაა ჩვენნაირი პატარა ბიზნესისთვის. თუმცა მაინც გვინდა, რომ ერთი კონკრეტული მუდმივი ადგილი გვქონდეს, სადაც მომხმარებელს მოსვლა და პროდუქციის ადგილზე შეძენა შეეძლება.
ვფიქრობთ, მაღაზია რომელიმე მოლში განთავსდება ან კვლავ აღმაშენებლის ქუჩაზე დავბრუნდეთ. ამ ეტაპზე, სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია არ გვაქვს განსაზღვრული. სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში იჯარით ასაღები ფართები ფაქტობრივად აღარ არის, რადგან რუსების ქვეყანაში მიგრირების შემდეგ, მათ თავიანთი ბიზნესები გადმოიტანეს და იჯარით გასაცემი ფართები დაიკავეს“, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, „ჰიპი“ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს ხელნაკეთ ჩანთებს, წიგნაკებსა და სხვადასხვა აქსესუარებს სთავაზობს. კომპანიას ნედლეული თურქეთიდან შემოაქვს, თუმცა გარკვეულ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზეც ყიდულობენ. მათი პროდუქციის ღირებულება 5 ლარიდან 75 ლარის ფარგლებში მერყეობს.