მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები ევროპასა და აშშ-ში

#TECHINFORM - როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი?
18.07.24 19:29
692

ავტორი: ალექსანდრე გოცირიძე

ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები დრამატულად გაიზარდა, რამაც მისი გამოყენების უსაფრთხოება ეჭვქვეშ დააყენა.

ამ პრობლემის გადასაჭრელად ევროკავშირის კანონმდებლები შეთანხმდნენ ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის (EU AI Act) მიღებაზე. მათივე თქმით აქტის მთავარი მიზანია, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც გამოყენებული იქნება ევროკავშირის ბაზარზე იყოს უსაფრთხო, იცავდეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ეფუძნებოდეს ევროკავშირის ღირებულებებს.

მეტი სიზუსტისთვის, ევროკავშირი შეთანხმდა ხელოვნური ინტელექტის დეფინიციაზე, რომლისთვისაც ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარტება გამოიყენეს, რომლის თანახმადაც, ხელოვნური ინტელექტის სისტემა არის კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც აქვს უნარი აშკარა თუ ნაგულისხმები მიზნებისთვის მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შექმნას ისეთი მონაცემები, როგორებიცაა პროგნოზი, რეკომენდაცია ან გადაწყვეტილებები რომელსაც გავლენის მოხდენა შეუძლია ვირტუალურ თუ ფიზიკურ გარემოზე.

EU AI Act-ის მიხედვით ხელოვნური ინტელექტის სისტემები რისკის მიხედვით სამ ჯგუფად, ლიმიტირებულ, მაღალ და დაუშვებელი რისკის მქონე სისტემებად დაიყო. ლიმიტირებული რისკის სისტემებს მიეკუთვნება ჩეტბოტები, რომლებიც ქმნიან ტექსტს, ფოტოებს. ასეთი AI სისტემები მინიმალურ რისკს უქმნიან ადამიანებს და აქტის თანახმად, მსგავსი სისტემის შემქმნელებმა საკუთარ პროდუქტზე მომხმარებლის ინფორმირების მიზნით უნდა დაიტანონ მინიშნება, რომ ის ხელოვნური ინტელექტის შექმნილია.

მაღალი რისკის მქონე სისტემები გაცილებით მკაცრად რეგულირდება, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიმართ მაღალი რისკის შემცველობიდან გამომდინარე. მათ გამოსაყენებლად აუცილებელი მოთხოვნილებებია: სისტემის რეგისტრაცია ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში, ფუნდამენტურ უფლებეზე გავლენის შეფასება, გამჭვირვალეობა და ადამიანის ზედამხედველობა.
ამ კლასს მიეკუთვნებიან სამედიცინო მოწყობილობებში, სატრანსპორტო საშუალებებში ჩაშენებული თუ სადაზღვევო და საბანკო სერვისების მიწოდებისას გამოყენებული სისტემები.

რეგულაციის თანახმად, მაღალი რისკის კატეგორიაში ასევე ხვდება FMAI-იც, ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტური მოდელი, რომელიც მოიცავს მანქანური სწავლების ალგორითმებს, სტატისტიკურ მოდელებს და სხვა ფუნდამენტურ კონცეფციებს, რომელზე დაყრდნობითაც იგება ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები.

აკრძალულია AI სისტემები, რომლებიც მაღალი რისკის უქმნიან უსაფრთხოებასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ამ კლასს მიეკუთვნებიან სოციალური ქულების, ბიომეტრიული, ადამიანის ქცევებით მანიპულირებელი და დანაშაულის პროგნოზირების სისტემები. აქტის მიხედვით, დასაშვებია ამ ტიპის სისტემების, სასამართლოს ნებართვით მკაცრად განსაზღვრული დანაშაულების გამოძიების მიზნით გამოყენება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან.

ევროკავშირის მიღებული აქტის მსგავსი მარეგულირებელი დოკუმენტი გამოსცა თეთრმა სახლმაც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამოცემული აღმასრულებელი განკარგულება ხელმძღვანელობს რვა პრინციპით, რომლებიც უზრუნველყოფენ AI სისტემების დაცულ და სანდო მოხმარებას.

აღმასრულებელი განკარგულების დირექტივების განხორციელებაში წამყვანი როლი დაეკისრა სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტს (NIST) EU AI Act-ის მსგავსად, აღმასრულებელი განკარგულება ფოკუსირდება ხელოვნური ინტელექტის სისტემების მკაცრ ტესტირებასა და მონიტორინგზე, კონფიდენციალურობასა და მონაცემების დაცვაზე (მიუხედავად განსხვავებული სამართლებრივი ჩარჩოსა), კიბერუსაფრთოებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის და აშშ-ის კანონმდებლობის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, ამ მიზნის მიღწევის გზები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ევროკავშირის აქტი მკაფიოდ განსაზღვრავს ვალდებულებებს, აკრძალვებსა და აღმასრულებელ მექანიზმებს, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება აქცენტს აკეთებს ინდუსტრიული სტანდარტების შემუშავებასა და დაცვაზე, კონკრეტული სამართლებრივი მოთხოვნების დაწესების გარეშე.

ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვა საქართველოში საწყის ეტაპზეა და მათი მარეგურილებელი მხოლოდ ერთი დოკუმენტი არსებობს: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება არეგულირებს ფინანსურ სექტორში AI სისტემების გამოყენებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები