მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთის კავშირების გაძლიერებას" - რა ეტაპზეა ახალციხე–თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი?

გადამცემი ხაზი

სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი დავით ვარდიაშვილის განცხადებით, წყალტუბო–ახალციხე–თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე 104 კილომეტრის 500-კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

"ფუნდამენტების მოწყობის და ანძის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება ახალციხიდან თურქეთის მიმართულებით 400-კილოვოლტიანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზი „ახალციხე-თორთუმი“, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას როგორც თურქეთის, ასევე ევროპის ენერგოსისტემებთან. შედეგად გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციაზე. პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელს და გაზრდის მის გამტარუნარიანობას და საიმედოობას", - ამბობს ვარდიაშვილი.

ამას გარდა, შეიქმნება 500-კილოვოლტიანი ენერგეტიკული მაგისტრალის ენგური-ზესტაფონი-ახალციხის სარეზერვო ქსელი, რაც სსე-ის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვნად აამაღლებს სისტემის სტაბილური მუშაობის ხარისხს.

„წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის“ პროექტი საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილია. მისი საინვესტიციო ღირებულება 65.5 მილიონ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ინდური კომპანია KEC International Limited ასრულებს, ხოლო საინჟინრო ზედამხედველობას გერმანული Fichtner GmbH ახორციელებს. პროექტი თანადაფინანსებულია გერმანიის სახელმწიფო ბანკის KfW-ისა და ევროკავშირის მიერ ENIP-ის (Energy Network Improvement Programme) ფარგლებში.

სახელმწიფო ელექტროსისტემა ამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას უკვე არაერთი წელია ცდილობს, თავდაპირველად ის სახელმწიფო ბიუჯეტში 2019 წელს გაჩნდა და პროექტის მთლიან ღირებულებად 157.5 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, ხოლო პროექტის დასრულების თარიღი თავდაპირველად 2022 წელს იგეგმებოდა. თუმცა მისი განხორციელება არაერთხელ გადავადდა და საბოლოოდ ფასი 271.6 მლნ ლარით (65.56 მლნ ევროთი) განისაზღვრა, სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღად კი 2026 წლის ბიუჯეტის თანახმად 2028 წელი არის მითითებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები