მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხევსურეთში ახალი საოჯახო სასტუმრო „გრილო“ გაიხსნა - რა ღირს განთავსება?

ხევსურეთი

ხევსურეთში, საოჯახო სასტუმრო „გრილომ“ სტუმრების მიღება დაიწყო. სტუმარმასპინძლობის ახალი ობიექტი სოფელ ხონისჭალაში, მუცოდან 3 კილომეტრში, შატილი-ომალოს დამაკავშირებელ ტურისტულ მარშრუტზე გაიხსნა და პირველ სტუმრებსაც უკვე უმასპინძლა.

საოჯახო სასტუმროს დამფუძნებელი ლუხუმ შეთეკაური BM.GE-სთან ამბობს, რომ ობიექტის მოწყობის იდეა რამდენიმე წლის წინ, ტურისტებიდან წამოსული მოთხოვნის საფუძველზე გაუჩნდათ და პროექტის განხორციელებისთვის, გასულ წელს სახელმწიფო სააგენტო „აწარამოე საქართველოში“-ს გრანტიც მოიპოვეს. ჯამში საოჯახო სასტუმროს მოსაწყობად 60 000 ლარი დაიხარჯა.

„სასტუმრო დაახლოებით 1 კვირაა რაც გავხსენით და სტუმრების მიღებაც დავიწყეთ. ის თუშეთ-ხევსურეთის ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს. წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ სასტუმროში გაჩერება უნდოდათ, აქ კი ბევრი ასეთი ობიექტი არ არის, ამიტომ გადავწყვიტეთ იდეა სისრულეში მოგვეყვანა“, - აღნიშნავს ლუხუმ შეთეკაური.

საოჯახო სასტუმრო „გრილოში“ ერთი ღამით დარჩენა 60 ლარი ღირს და საფასურში საუზმეც შედის. 4-ოთახიან სასტუმროს ერთდროულად 16 ადამიანის მიღება შეუძლია. სურვილის შემთხვევაში მასპინძლები სტუმრებს მუცოსა და ადგილობრივ ტურისტულ ლოკაციებზე ტურებსაც სთავაზობენ. ლუხუმ შეთეკაური ელის, რომ მათ სასტუმროზე მოთხოვნა უფრო მეტად უცხოელების მხრიდან იქნება, რადგან გასულ წლებში განთავსებაზე მოთხოვნა სწორედ უცხოელებში უფრო მეტად იყო. ახალი ობიექტი სულ მალე Booking.com-ზეც გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები